ბელგიის პროკურორის ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით, ბრიუსელსა და მის შემოგარენში სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 16 პირი დააკავეს.
13 ნოემბერს, პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდელსალამი დაკავებულთა შორის არ არის. მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
ბრიუსელში და შარლერუაში 19 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ არის.
ისლამისტების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციები ბრიუსელში გრძელდება.
პოლიციამ სპეცოპერაციამდე მედია გააფრთხილა, დეტალებზე ინფორმაცია არ გაევრცელებინათ, ხოლო მოსახლეობას მიმართა სოციალურ ქსელებში არ დაეწერათ სად ატარებდა პოლიცია შემოწმებას.
ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე.