საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და „ევრონიუსის" პრეზიდენტმა, მიქაელ პეტერსმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, საქართველოსა და ევროპის საინფორმაციო ტელეარხის „ევრონიუსს" შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია დაესწრნენ. შეხვედრაზე „ევრონიუსთან" სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს რაც, პირველ ეტაპზე, საინფორმაციო კამპანიის ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე და ევროპელ ინვესტორებს ესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, „ევრონიუსთან" თანამშრომლობა დადებითად აისახება ტურისტების მოზიდვის პროცესზე იმ ქვეყნებიდან, სადაც „ევრონიუსი" მაუწყებლობს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და „ევრონიუსს" შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.