„სააკაშვილი და მისი მეგობრები დღესაც რუსულ ფულს იდებენ ჯიბეში და „ნაციონალური მოძრაობა" რუსული წარმომავლობის ფულით მოქმედებს", - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა. მისი თქმით, ისეთი დიდი ბიზნესსტრუქტურები, როგორიცაა საქართველოს ენერგეტიკა, ოქროსა და სხვადახვა ძვირფასი ლითონის საბადოები, ფეროშენადნობთა ქარხანა, წყალი და ა.შ. სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსებს ისე მიჰყიდა, რომ თვითონაც წილში ჩაუჯდა.
„ამდენად, დიდი პარადოქსია, როცა სააკაშვილი და „ნაციონალები" ხელისუფლებას ეუბნებიან, რუსეთს არ დაელაპარაკოო. ხოლო თუ ვინმე რუსეთთან დიალოგის წინადადებით გამოვა, ყველას რუსეთუმესა და კრემლის აგენტს ეძახიან. დროა, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ სრული იგნორირება გაუკეთოს სააკაშვილისა და „ნაციონალების" განცხადებებს და საქმეს მიხედოს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)