reportiori.ge - „თოჯინების თეატრს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს! ეს მომავალი თაობის განვითარებისთვისაა აუცილებელი!“ - ინტერვიუ მსახიობ იური ფოფხაძესთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:56
ინტერვიუ
„თოჯინების თეატრს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს! ეს მომავალი თაობის განვითარებისთვისაა აუცილებელი!“ - ინტერვიუ მსახიობ იური ფოფხაძესთან
24 ნოემბერი, 2015. 14:16


საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამსახიობო, თოჯინების თეატრის მსახიობის მიმართულებით. არის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი, შსს დრამატული თეატრის მსახიობი, თოჯინების თეატრის მსახიობი. ასწავლის მსახიობის ოსტატობას დრამის, კინოსა და თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობის ჯგუფში. დადგმული აქვს სპექტაკლები ქუთაისის, გორის, რუსთავის, თბილისის თეატრებში, ბავშვთა მსოფლიო ფესტივალზე ესპანეთში, მის მიერ დადგმული მიუზიკლი „ბურატინოს თავგადასავალი" აღინიშნა I პრემიით. თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე დადგმული აქვს ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიციები:  შეხვედრა ანა კალანდაძესთან; გოგი ცაბაძისა და მორის ფოცხიშვილის ხსოვნის საღამო; 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის საღამო; ქართული სახასიათო პროზის საღამო. თეატრალური კავშირის წარდგენით, ღირსების ორდენი აქვს მიღებული ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის.


გარდა იმისა, რომ ჩვენი რესპონდენტი სხვადასხვა ინსტიტუტებში მეტყველების განხრით ასწავლის სტუდენტებს, ის ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთანაც მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ეს სამუშაო მისთვის რთული, მაგრამ ძალიან საინტერესოა. მსახიობი იური ფოფხაძე „რეპორტიორთან" საუბრობს თოჯინების თეატრის პრობლემებზე, მისი არსებობისა და განვითარების საჭიროებაზე... თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ამ სფეროს დიდი ყურადღება ექცეოდეს, რადგან ის უპირველესად საჭიროა ბავშვების კულტურული და ზნეობრივი განვითარებისთვის...

 


- ქუთაისში ვოკალურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მესამე კურსის დახურვის შემდეგ, თბილისში თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, თოჯინური განხრით. ჩვენთან იყო ასეთი ლექტორი ეთერ გუგუშვილი, ნება დამრთო, რომ განსხვავებულ საგნებზე მევლო მუსკომედიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მეტეხის თეატრსა და თოჯინების თეატრში ვმუშაობდი. ბოლოს, ჩემი ნატვრა ავიხდინე და მუსკომედიის თეატრში მივედი. ერთი წლის შემდეგ შემხვდა მეტყველების პროფესორი მალიკო მრევლიშვილი, რომელმაც მეტყველების კათედრა დააარსა და შემომთავაზა მეტყველების კათედრაზე მისვლა, ჩემთვის ეს შოკი იყო. მაგრამ იმდენად დიდი სიმპათია მქონდა მალიკო მრევლიშვილის მიმართ, სიხარულით გავიქეცი. მერე უკვე წლების შემდეგ სამეცნიერო საბჭომ დოცენტის წოდება მომანიჭა. ამჟამად ვმუშაობ თეატრალურ ინსტიტუტში და მუსკომედიის თეატრში. ტექნიკური და ჯავახიშვილის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი გახლავართ, მეტყველების განხრით. უკვე რამდენიმე წელია თეატრალურ უნივერსიტეტში მიმყავს სამსახიობო ჯგუფი, ოღონდ თოჯინური განხრით. ამჟამად ვმუშაობ ბატონ გივი სარჩიმელიძის ჯგუფთან, წინა სადიპლომო სპექტაკლს ვაკეთებთ, ზღაპარია. პარალელურად, როგორც მეტყველების სპეციალისტს, მაქვს მიწვევები.

 

 

- დადგულ სპექტაკლებზე რომ გვესაუბროთ...

 

 

- 12 წლის წინ რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით დავდგით არაჩვეულებრივი სპექტაკლი. ამის შემდეგ აზერბაიჯანული კლასიკა „არშინ მალ ალან" დაიდგა, იმ მუსიკით, რაც მუსკომედიაში გადიოდა და ბავშვები ცოცხლად მღეროდნენ. დავდგით „ბაბაჯანას ქოშები" - ლილი იაშვილის უკვდავი ოპერეტა;

 

 

 

 

 

„ბაბაჯანას ქოშები"

 

„მეფე ლომი", სადაც ელტონ ჯონის სიმღერებს მღეროდნენ, რომელიც ორი წელი ვითამაშეთ. ზოგადად სადიპლომო სპექტაკლი თითზე ჩამოსათვლელად თამაშდება ხოლმე...

 


აკაკი წერეთლის „ბუტიაობა" ვოდევილია, ამასაც კარგი აზარტით თამაშობდნენ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს რექტორს, გოგი მარგველაშილს, რამდენჯერაც შევედი და ვთხოვე თოჯინების ჯგუფისთვის რაღაც, არასდროს არაფერზე უთქვამს უარი. მაგრამ ყველა ასე უნდა იყოს, ერთი კაცის სურვილი საკმარისი არაა. ახლა ბატონ გივისთან ვმუშაობთ, არის ასეთი მშვენიერი ზღაპარი „ზევით, ყვავილთან მინდა", ძალიან ფილოსოფიურია. ზესტაფონის თეატრში ორჯერ დავდგით „ბაბაჯანას ქოშები" და ერთი „ოქროს წიწილა".

 

 

- თქვენ მეტყველების განხრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთანაც მუშაობთ, რამდენად რთული სამუშაოა ეს თქვენთვის?

 

 

- ძალიან დიდი ჯგუფი მყავს ბავშვებისა, ვისაც მეტყველება უჭირს, ენა ებმის, მეტყველების დეფექტი აქვს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან რთულია მუშაობა, თუმცა, ძალიან საინტერესო. როცა მათ თვალებს ვუყურებ, როგორ მიყურებენ და მელიან, როდის მივალ... იმ ბავშვების თვალები ყველა სიძნელეს გამინეიტრალებს ხოლმე... პირველად ერთ-ერთ ბავშვთან მივედი, რომელსაც ცხოვრებაში სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი, არა თუ ორი სიტყვა, ერთი სიტყვა მთლიანად, იქიდან გამოსვლის შემდეგ მახსოვს, სადარბაზოში ნახევარი საათი კიბეზე ვიჯექი, ისე ცუდად გავხდი. ემოციურად რთულია... მათთან ერთად ვთამაშობ და ამ თამაშში ნელ-ნელა ვასწორებთ ბგერებს, მათთან კონტაქტში თოჯინები მეხმარება. ერთ-ერთმა ოჯახმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, როცა მათთან სახლში მივედი, ბავშვი კუთხეში იჯდა, კონტაქტში არ შემოდიოდა, აუტიზმის პრობლემა ჰქონდა, იქ თვენახევარი დავდიოდი, თოჯინები დამქონდა და მასთან ერთად ვთამაშობდი, საწოლქვეშ რომ შეძვრებოდა, მეც იმავეს ვაკეთებდი. ერთი თოჯინა იყო, რომელიც პირს აღებდა, პირველი კონტაქტი სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც თოჯინას შეხედა, ბავშვი მოინუსხა. როცა თოჯინა პირს აღებდა, ბავშვიც უკვე იმავეს იმეორებდა, ასე შევაპარე ყბის, ტუჩების, ენის სავარჯიშოები... პირველად ცხოვრებაში წაიკითხა ლექსი ისე, რომ მასთან სტუმრად მისულ საზოგადოებას არ გაექცა, ეს მისი მშობლებისთვის ყველაფერი იყო, ასე დავამყარე მასთან კონტაქტი. მყავდა ერთი ბიჭი, საოცრად ნიჭიერი, რომელსაც ენის ნაწილის დამბლა ჰქონდა და ვამეცადინებდი, ცრემლებამდე მიდიოდა, ვეუბნებოდი, კარგი, შევწყვიტოთ დღეს-მეთქი, უარს მეუბნებოდა, გავაგრძელოთო. მაგიჟებდა მისი ეს მონდომება.

 

 

- როგორც თავად ამბობთ, თოჯინები ძალიან დიდი როლს თამაშობს მოზარდი თაობის გონების ჩამოყალიბებაში.

 

 

 

 

 

- დიახ, სწორედ ასეა. გული მტკივა, რომ დღეს საქართველოში ბევრი ისეთი ოჯახია, რომელთაც შვილები თოჯინების თეატრში არ დაჰყავთ. სხვა საკითხია, იქ როგორი დონის სპექტაკლებია. ბავშვი ერთხელ მაინც უნდა წაიყვანო იქ იმისთვის, რომ გარემოს შეეგუოს, კონტაქტში შევიდეს იმ მაყურებელთან, რომელთან ერთადაცაა დარბაზში. ხშირად სპექტაკლის დროს ყველაზე დასამახსოვრებელი ბავშვის გამომეტყველებაა, მისი თვალები და შეძახილები დარბაზიდან... არა, იქით წავიდა, ხელი არ ახლო და ა.შ... თოჯინები ძალიან დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენენ ბავშვზე, დიდ როლს თამაშობს მის გონებრივ განვითარებაში, მის საზოგადოებასთან კონტაქტში.


იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ მხრივ ყურადღება იქნება გამახვილებული. ჩვენ ის ზღაპრებიც უნდა ვაკეთოთ, რაც არის, მაგრამ გათანამედროვეობაა საჭირო, ხარისხიც არ არის. ხომ არ შეიძლება, სულ „წითელქუდა", „კომბლე" და ა.შ... დაიდგას. დღეს ბავშვი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, კომპიუტერს თამაშობს, ამიტომ მას სხვა ხასიათის სპექტაკლი სჭირდება, ასეთი რომ დადგა, დიდი დაფინანსება ესაჭიროება.

 

 

- თუმცა თქვენ გენიალური ანიმაციური ფილმი „მეფე ლომი" სპექტაკლად აქციეთ...

 

 

 

 

 

- „მეფე ლომი" მიუზიკლად გაკეთებული საქართველოში პირველად დაიდგა. ამან ძალიან დიდ აჟიოტაჟი გამოიწვია. ხშირად ხდება, ბავშვს დარბაზში ყოფნისას, ყურადღება მაინც გადააქვს ხოლმე სხვადასხვა რაღაცებზე... სპექტაკლი 50 წუთი ისე მიმდინარეობდა, რომ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა.

 




 

 

 

 

თოჯინების ხელოვნებას საქართველოში უფრო დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს, რადგან თოჯინური სამყარო, ის სამყაროა, სადაც ბავშვი იხსნება, მისი მეშვეობით შეგიძლია გააგებინო, დააჯერო და რაც მთავარია, დაამახსოვრებინო. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვი თუ თოჯინების თეატრში დადის, მშობელს რეგულარულად დაჰყავს, ის შემდეგ მოზარდშიც ივლის, ოპერაშიც, ბალეტიც ეყვარება, დრამის სპექტაკლებზეც სიამოვნებით ივლის. ის არის მაყურებელი, რომელიც რეალურად აფასებს, კარგია სპექტაკლი თუ ცუდი, მსახიობების თამაშსაც ადეკვატურად აფასებს.

 

 

 

 

 

ამის გარდა, მინდა აღვნიშნო, რადგან სპექტაკლი თოჯინურია, ენა არ უნდა მოვიჩლიქოთ, როდესაც ბავშვი მეტყველებას სწავლობს და ენის მოჩლექით ესაუბრებიან, საუბარს ისევე სწავლობს. ბავშვი უნდა მიაჩვიო გამართულსიუჟეტიან სპექტაკლს. სპექტაკლი უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი, დამრიგებელური.

 

 

- თქვენი იდეა იყო, რომ ახალი პერსონაჟები შემოსულიყვნენ?

 

 

- აღარ მინდოდა, ის ზღაპრები ამეღო, რაც უკვე დიდი ხანია იდგმება. როგორც საჭიროა, თავის წესებით და კანონებით მინდოდა სერიოზული დრამატურგია ყოფილიყო... ამიტომაც გადავწყვიტე, ამეღო ოპერეტები და გამეკეთებინა. „მეფე ლომის" თოჯინებიც ბავშვებმა გამოძერწეს. ვისურვებდი, რომ თოჯინების თეატრი უფრო თანამედროვე ყოფილიყო. არ შეიძლება ის, რაც 25-30 წლის წინათ იდგმებოდა, ისევ იმაზე გაზარდო ბავშვი, იმიტომ რომ დღევანდელი ბავშვები სხვანირები არიან... ჩვენ ვერ ვეწევით დროს, უნდა დავეწიოთ და ოდნავ გავუსწროთ კიდეც, თუ გვინდა, რომ კარგი ახალგაზარდები გვყავდეს. ქართველობას ნიჭი არ აკლია, მაგრამ ამ ნიჭის განვითარება როგორ ხდება, სხვა საკითხია...

 

 

- ალბათ, საჭიროა, კონტინგენტის გაზრდაც და უფრო მეტი დაინტერესება თოჯინების თეატრის მიმართ...

 

 

- რა თქმა უნდა, კონტინგენტის გაზრდა აუცილებელია. ამ ხელოვნებით ახალგაზრდობა დაინტერესებული უნდა იყოს. ბევრი ახალგაზრდა დადის თეატრში, თუმცა უფრო მეტი უნდა დადიოდეს. რამდენიმე უნივერსიტეტში ვასწავლი, ვთქვათ, 30-კაციან ჯგუფს რომ ვეკითხები, ხელი ასწიეთ, რამდენი დადიხართ სპექტაკლებზე-მეთქი, სამმა ახალგაზრდამ თუ ასწია, სამწუხაროდ: ესეც კი მიხარია. სტუდენტს აქვს შეღავათი, თავისი სტუდ-ბილეთით მივიდეს თეატრში, უბრალოდ, ეს მათი სურვილი უნდა იყოს.

 

 

ჩვენს მთავრობას, კულტურის სამინისტროს მინდა ვთხოვო, თოჯინების თეატრს იქნებ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. თვითონ მთავრობიდან იყოს მეტი დასწრება, სამინისტროებიდან, სპეციალისტებიდან, რომ ერთობლივად შეიტანონ სიახლე. საჭიროა განათება, ეფექტები, ხმის აპარატურა, უპირველეს ყოვლისა, დარბაზი. რაც მთავარია, დასი უნდა ხალისდებოდეს, არ შეიძლება, დღეს თოჯინების თეატრში მსახიობს სიმღერა არ შეეძლოს, მეტყველება გაუგებარი ჰქონდეს, ეს ყოვლად გამორიცხულია. დროდადრო ახალი მსახიობების მიღება აუცილებელია. ნებისმიერ ახალმოსულ ახალგაზრდას თავისი ნიში შემოაქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, არის ქალაქები, სადაც ბავშვის წასაყვანი ადგილი არ არის. ეს არის მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ახლა უკვე ბორჯომში კეთდება... მინდა, ზესტაფონის თეატრის დირექციას მადლობა გადავუხადო, რომ დროდადრო მეპატიჟებიან და თოჯინურ სპექტაკლებს დრამის ხალხთან ერთად გვაკეთებინებენ. იმიტომ რომ ბავშვმა იცოდეს, რა არის თოჯინების სპექტაკლი... და მაყურებელი გაზარდონ დრამის სპექტაკლებისთვის. სხვაგან არსად არ არსებობს თოჯინების თეატრი, არც სამეგრელოში, არც კახეთში, ერთადერთი ველისციხეშია, სახალხო მოყვარულთა თეატრი, სადაც ხელფასი არ აქვთ, ენთუზიაზმზე მუშაობენ. არც თელავშია, არც სიღნაღში, ტურისტულ ქალაქში, სადაც დიდ ყურადღებას მიიქცევდა. არც გურიაში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმზე აღარაფერს ვამბობ. ბავშვსაც სჭირდება სულიერი საზრდო. ძალიან ცუდია, რომ თოჯინების თეატრს თითქმის აკრძალული აქვს, განსაკუთრებით, პერიფერიებში სკოლაში ბილეთის, აბონემენტის შეტანა, ეს თბილისში რაღაცნაირად კეთდება, რაიონებში აკრძალულია. თუ კორუფციას ვერიდებით, ამასთან მკაცრი კონტროლია საჭირო.

 

 

ჩვენი ხვალინდელი დღე არის დღევანდელი პატარა ბავშვები. როგორ განათლებასაც მივაღებინებთ, როგორც აღვზრდით, რითიც დავაინტერესებთ, ისეთი მთავრობა გვეყოლება, ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, ისეთი საზოგადოება იქნება...

 


- ვიცი, რომ თავად თქვენი სტუდენტები ქმნიდნენ თეატრისთვის თოჯინებს...

 

 

- დიახ, წინა ჯგუფი, რომელმაც დაამთავრა, თვითონ ძერწავდნენ, ხატავდნენ, ყალიბს ასხამდნენ, მერე მულიაჟს აკეთებდნენ, აცმევდნენ... მათ ოთხკაციანი ჯგუფი შექმნეს და ძალიან ხშირად თურქეთში ფესტივალზე დადიან. იმდენად დაოსტატდნენ, რომ სხვადასხვა დრამის თეატრები დიდ თოჯინებს უკვეთავენ. ბუნებრივია, ასეთი დაინტერესება მასობრივად არ არის, რადგან ამის პროპაგანდა არ ხდება, რეკლამა არ კეთდება. შეიძლება ადამიანი მხოლოდ იმაზე მიიწვიო და ალაპარაკო სატელევიზიო სივრცით, ვინ რამდენი ფეხსაცმელი შეიძინა? ამაზე საათობით საუბრობენ და რომ მოვიდნენ, გადაიღონ, გააშუქონ თოჯინური სპექტაკლები ამას არ აკეთებენ.

 

 

ახლა რაღაც პროექტზე ვმუშაობ-ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი მოსახლეობისთვის... მათთვის სომხური, აზერბაიჯანული სპექტაკლები იქმნება?-არა. თუ გაუმართლა ამ პროექტს, მინდა ის ბავშვებიც მოვიდნენ ქართველ ბავშვებთან და ერთად ვათამაშო. ჯერ ერთი, ქართულსაც ისწავლიან, ურთიერთობაც მეტი ექნებათ, სამეგობრო წრეს გაიჩენენ, რაც აუცილებელია.

 


 - თქვენ საქველმოქმედო აქციებსაც მართავთ...

 

 

- ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავმართეთ აქცია, მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპექტაკლი „მეფე ლომი" დავდგით. მსახიობებმა იმღერეს, იცეკვეს და სპექტაკლის მოქმედებებს ცოცხალად ასრულებდნენ...

 

 

როდესაც 2008 წლის ომი იყო, ჩემს წინა ჯგუფთან ერთად გადავწყვიტეთ, ლტოლვილი ბავშვებისთვის სპექტაკლები დაგვედგა. თეატრალური ინსტიტუტის პირველ აუდიტორიაში დარბაზი გადაიტენა. საოცარი ამბავი მოხდა, ერთ-ერთი სტუდენტი დაინტერესდა რამდენად ბევრი ბავშვი იყო მოსული, კულისებიდან ფარდა ოდნავ გასწია, ერთ-ერთმა ბავშვმა ეს რომ დაინახა, ისტერიული ტირილი დაიწყო. დედა, დედა, აი, ჯარისკაცი იყურება იქიდან და არ გვესროლოსო... ის ბავშვი გარეთ გაიყვანეს , თოჯინები აჩვენეს, წაეთამაშნენ და ასე დაამშვიდეს.

 

 

- როგორც ვიცი, მოძრავი თეატრის შექმნას გეგმავდით...

 

 

- დიახ, ასეა. თუმცა ვერ გავაკეთე. მინდოდა პატარა ადგილი, ერთი პატარა ავტობუსი და ყველგან, სადაც კი სკოლა არსებობს, ჩავსულიყავით და სპექტაკლები დაგვედგა, სამწუხაროდ, დაფინანსება ვერ მოვიპოვე. მავანნი და მავანნი სამინისტორიში ამას ყურადღებას არ აქცევენ. მათთვის პრიორიტეტია მოდა, ამა თუ იმ მომღერლის ჩამოყვანა, მათზე ფულის დახარჯვა, უნდა იყოს, გეთანხმებით... ყველაფერი, გარდა იმისა რომ ბავშვებს რაღაც გავუკეთოთ, არ კეთდება. ამაზე კარგი რა იქნებოდა, ჯერ ერთი, სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა, ახალგაზრდები დასაქმდებოდნენ, სპექტაკლები სხვადასხვა ენაზე დაიდგმებოდა... რამდენ ბავშვს მივანიჭებდით სიხარულს... ის კი არა, თოჯინების თეატრის რემონტი უკვე მეხუთე წელია ჯერაც არ დასრულებულა და შეკედლებულები არიან სხვაგან...

 

 

- სხვადასხვა ქვეყნებში გიწევთ წასვლა, როგორ დონეზეა უცხოეთში თოჯინების თეატრის კულტურა?

 

 

- ძალიან მაღალ დონეზეა. ყველა ქვეყანაში თოჯინები წინა პლანზეა. თვითონ ახალგაზრდების დაინტერესებაა ძალიან დიდი. თოჯინების თეატრისთვის უდიდესი კონკურსები ეწყობა. ახალგაზრდები თავით ფეხებამდე ჩაფლულნი არიან იმ ხელოვნებაში.

 

 

- თქვენს ხელში არაერთი ცნობილი და წარმატებული თაობა გაზრდილა, რომელთაც ასწავლიდით...

 

 

- პირველად ქუთაისის ჯგუფთან მომიწია შესვლა, ძალიან ვღელავდი, მე თვითონ ორი-სამი თვის მისული ვიყავი, თუმცა იმ ახალგაზრდებისგან იმხელა თანადგომა ვიგრძენი, ისეთი პატივისცემა, მეუბნებოდნენ, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ დაგიჯერებთო... მათ გადამაწყვეტინეს პედაგოგობა.

 

 

ძალიან ხშირად ვატარებდი გაკვეთილს გოგა პიპინაშვილთან, რუსიკო ბოლქვაძესთან, ნინო ბურდულთან, მამუკა კიკალეიშვილთან... ორი წელი ვიმუშავე გეგა კობახიძესთან... ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე დღის წინ მერაბ ნინიძის წიგნის პრეზენტაცია იყო და წიგნზე მადლობის წარწერა დამიტოვა. პირველად ჩემი მხრიდან ჰქონდა მეტყველების გაკვეთილთან შეხება, როდესაც ინსტიტუტში აბარებდა. მერაბს უშუალოდ ინსტიტუტში არ ვასწავლიდი, თუმცა, რომ აბარებდა ჩემი მეგობრის შვილი იყო და ამიტომ პირველი შეხება, პირველი კითხვა, პირველი ბგერის გასწორება ჩემთან მოხდა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ვუყურებ, თუ როგორი წარმატებულია და უყვარს ხალხს... არის ასეთი მომღერალი, ოპერის თეატრში ირმა ბერძენიშვილი, მუსიკალურ ტექნიკუმში მსახიობის ოსტატობას ვასწავლიდი. ასევე ვასწავლიდი ნინო დუმბაძეს, ნინო კობერიძეს და კიდევ მრავალს... რომელი ერთი ჩამოვთვალო... ახლაც თანამედროვე ახალგაზრდები საკმაოდ ცნობილი სახეები არიან.


თოჯინების ჯგუფი ვინც დაამთავრა, ძალიან მიხარია, რომ მათგან ბევრი მოზარდმაყურებელთა თეატრში მუშაობს,ზოგიც ახმეტელის თეატრში, გორის თეატრში, დრამის მსახიობად, ეს მაბედნიერებს. თუკი ისინი დღეს წარმატებას აღწევენ, რა თქმა უნდა, მე სიხარული მემატება...

 

 


 

„ბაბაჯანას ქოშები"





 

 

 

"მეფე ლომი"

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016