22-დან 24 ივლისამდე სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო 31-მა მსჯავრდებულმა.
22 ივლისს, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში, ორმა პატიმარმა ლევან კ-მ და გიორგი ხ-მ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
ლევან კ. არ ეთანხმება და აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს და ითხოვს სამედიცინო დახმარებას, ხოლო გიორგი ხ. ითხოვს ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ამავდროულად, ის წინასწარ უნდობლობას უცხადებს ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოს და ეჭვს გამოთქვამს, რომ საბჭო არ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას მისი ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ.
მოგახსენებთ, რომ ლ. კ-ს შემთხვევაში, მისი საკითხის გადაწყვეტა არ შედის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კომპეტენციაში. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამი კვირის წინ გაყვანილი იყო სამოქალაქო კლინიკაში, ჩატარებული აქვს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა პროტესტის დაწყებამდე გრძელდებოდა. (შეუძლებელი გახდა პირის ამოკერვის გამო) მსჯავრდებულს, პროტესტის დასრულებისთანავე, მკურნალობა და საჭირო მედიკამენტების მიღება კვლავ გაუგრძელდება.
გ. ხურციძემ 2013 წლის 7 ივლისს მოიხადა სასჯელის ვადის ის ნაწილი, რის საფუძველზეც ადგილობრივი საბჭო განიხილავს მსჯავრდებულთა შუამდგომლობას, მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. საბჭოში უკვე შემოსულია შუამდგომლობა #17 დაწესებულების ადმინისტრაციიდან, ხურციძის ვადამდე გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს.
მოგახსენებთ, რომ სამინისტროს აპარატის წარმომადგენლისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის გარდა, საბჭოში შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მიიღება ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია და არავის, მათ შორის მსჯავრდებულს, არ აქვს უნდობლობის საფუძველი.
19 მოშიმშილე მსჯავრდებული აპროტესტებს სასჯელის შეკრებითობის გაუქმების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამედიცინო დახმარებას ითხოვს 2 მსჯავრდებული, რაზეც გვსურს განვაცხადოთ, რომ ორივე მათგანს ჩატარებული აქვს შესაბამისი გამოკვლევები და უტარდებათ სათანადო მკურნალობა. ამასთან, დაგეგმილია სხვადასხვა სამედიცინო კონსულტაცია და გამოკვლევა, რომელიც მსჯავრდებულებს უახლოეს დღეებში ჩაუტარდებათ.
9 მსჯავრდებული არ ეთანხმება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებებს.
სამინისტრო საჭიროდ თვლის, გაგაცნოთ თითეული მათგანის დანაშაულის ხასიათი და პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისგან უარის თქმის საფუძველი:
რომან ბ. - წარსულში ნასამართლევი. 30.10.2004 წელს გაძარცვა მოქალაქე, ხოლო 26.12.2007 წელს ჩაიდინა ქურდობა. (მოიპარა ავტომანქანის სარკე) სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიესაჯა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 3 წლით და 3 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ნასამართლობის მქონეა, გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში განმეორებით ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული.
შალვა რ. - წარსულში ნასამართლევი. 17.12.2008 წელს მოქალაქეს გასტაცა მობილური ტელეფონი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და 8 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაული და არის ნასამათლევი. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი აქვს 6 თვეზე ნაკლები, ამდენად, მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ ადგილბრივ საბჭოში შესულია შუამდგომლობა და საკითხი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.
ამირან შ. - 23.10.2008 წელს მოიპარა მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა. სასამართლო გადაწყვეტილებით მას მიესაჯა 10 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონისა და შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 5 წლით და 10 თვით. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შემოსულია შუამდგომლობა #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ადგილობრივი საბჭო საკითხს უახლოეს საბჭოზე განიხილავს.
ზვიად ნ. - 14.09.2008 წელს ცივი იარაღის გამოყენების მუქარით დააყაჩაღა ტაქსის მძღოლი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს მიესაჯა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და 11 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჯგუფურად.
ზვიად ბ. - 17.05.2009 წელს დააყაჩაღა მოქალაქე, გასტაცა ფული და მობილური ტელეფონი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელი 1 წლით და 8 თვით შეუმცირდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჯგუფურად.
თამაზ ო. - წარსულში ნასამართლევი. 22.02.2008 წელს უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ეფედრინი". სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 2 წლით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. მსჯავრდებული ასევე წარსულში ნასამართლეობის მქონეა.
ვალერი მ. - 25.09.2009 წელს გაძარცვა მოქალაქე პირთა ჯგუფთან ერთად. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. შეკრებითობის პრინციპის გაოქმებისა და „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 9 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან წარსულში ნასამართლევია. გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული ჯგუფურად.
ირაკლი ნ. - წარსულში ნასამართლევი. 3.01.2008 წელს მოქალაქე ცრუდ დაასმინა მოქალაქე. ამავე წლის მარტში გაქურდა მოქალაქის საცხოვრებელი ბინა. მანვე ამავე პერიოდში გაქურდა შპს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 8 წლით. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა უკვე შესულია ადგილობრივ საბჭოში და მისი განხილვა უახლოეს სხდომაზე მოხდება.