ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია რუსული სამხედრო თვითმფრინავის „სუ-24"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები. კადრებში სამხედრო ფორმაში ჩაცმული აჯანყებულებიც ჩანან.
თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც როგორც თურქული წყაროები იუწყებიან, ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.
რუსული „სუ-24" სირიის პროვინცია ლატაკიაში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც აჯანყებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, პუტინმა რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადება იორდანიის მეფე აბდალა II-სთან შეხვედრაზე გააკეთოს. პესკოვი ამბობს, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებების გაკეთება ნაადრევია.
თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. თუმცა, პესკოვის თქმით, კრემლი წინასწარ გააკეთებს განცხადებას, თუ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.