reportiori.ge - მოდის ინდუსტრიაში წარმატებული დიზაინერის საქმიანობა - ნინო სეფო: ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, კონიუნქტურას არ დავემორჩილო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:21
ინტერვიუ
მოდის ინდუსტრიაში წარმატებული დიზაინერის საქმიანობა - ნინო სეფო: ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, კონიუნქტურას არ დავემორჩილო...
25 ნოემბერი, 2015. 18:17


 

თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადიპლომოდ, ტანსაცმლის კოლექცია „კავკასიური ჩარჩო" შექმნა.

 

 

 

 

„კავკასიური ჩარჩო"



თემა იყო თანამედროვე კავკასიელი ქალების ინტეგრაცია მსოფლიო სივრცესა და დღევანდელ რეალობაში. სწორედ ეს ნამუშევარი 2012 წელს იტალიური „ვოგის" რჩეული პროექტი გახდა. 2014 წლის თებერვალში სამხატვრო აკადემიის პროექტ „რეკონსტრუქციაში" მიიღო მონაწილეობა. ეს პროექტი ლონდონის მოდის კვირეულის პარალელურად მიმდინარეობდა და British Council-ის მიერ იყო ორგანიზებული, ამის შემდეგ დაინტერესებები და კონტაქტები კიდევ უფრო გაიზარდა, საკუთარ მიღწევებზე, დღევანდელ საქმიანობასა და ახალ პროექტებზე „რეპორტიორს" დიზაინერი ნინო სეფო ესაუბრა.

 

 

- ჩემი ნამუშევრები სოფო ჭყონიამ პარიზში საქართველოს დღეებზე წაიღო. ამის შემდეგ კიდევ ერთი კოლექცია გავაკეთე, რომელსაც „რეინკარნაცია" დავარქვი.

 


 

 

„რეინკარნაცია"

 

 

ამ კოლექციასთან დაკავშირებით „Not just a label"-დან დამიკავშირდნენ. ამ კომპანიის მთავარი მიზანია, საზოგადოებას ახალბედა დიზაინერები წარუდგინოს. 15 000 დიზაინერიდან 100 საუკეთესო აარჩიეს. კავკასიის რეგიონიდან მხოლოდ მე ვიყავი.

 


 


ასევე იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ახლა უკვე ცნობილი დიზაინერები. იტალიაში, ვიჩენცაში წაგვიყვანეს, სადაც გამოფენა გავაკეთეთ, ეს იყო 2014 წელს. მანამდე პირველი ნამუშევარი „კავკასიური ჩარჩო" ლონდონში წავიღე, London fashion week-ის პარალელურად მიმდინარეობდა ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული გამოფენა, სადაც ჩვენმა სამხატვრო აკადემიამ რამდენიმე კურსდამთავრებული წარგვადგინა, „ქართული კოსტიუმის რეკონსტრუქცია" - ასე ერქვა პროექტს. ჩემი ნამუშევარი იქ ძალიან ცნობილმა ბლოგერებმა გააშუქეს, მაგალითად ჰილარი ალექსანდერმა - „დეილი ტელეგრაფის" კულტურის სფეროს რედაქტორმა. 

 

 

ამას გარდა დამაფინანსეს, რომ კანადაში ვან კუვერის მოდის კვირეულზე ჩემი კოლექცია გამეტანა, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა. რამდენიმე ახალგაზრდა დიზაინერს ირჩევენ, ვისაც თვითონ აფინანსებენ. შეიძლება ახალი შემოთავაზებებიც მქონდეს, რადგან ძალიან უნდოდათ ეს ნამუშევრები გამოფენილიყო. აქტიური კონტაქტი მაქვს იტალიურ „ვოგისთან". ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებ, რას ვაკეთებ. „Not Just a label", რომელიც უკვე ვახსენე, არის ასე ვთქვათ ჩემი იმპრესარიო, ერთგვარი ელჩი და არამარტო ჩემი, 16 000 დიზაინერის. ძალიან ხშირად გვთავაზობს ჩვენთვის შესაფერის პროექტებს და მასში მონაწილეობას გვირჩევს. ჩემთვის მათთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა. კიდევ იყო წარმატებული პროექტები, ეს ყველაფერი „ვოგის" დამსახურებაა, იქ რომ ხარ, უკვე რაღაც განაცხადს აკეთებ. 

 

 


 

 

- ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?

 

 

-რამდენიმე სეზონია, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობ სოფო ჭყონიასთან, მისი პროექტების ფარგლებში რამდენიმე ინსტალაცია გავაკეთე. ახლახანს დასრულდა მერსედეს ბენცის მოდის კვირეული „მომაში". იქ ბოლო კოლექცია მქონდა გამოტანილი, რომელიც ძალადობის თემაზეა შექმნილი, მამაჩემთან ერთად ინსტალაცია გავაკეთე, ის საკმაოდ ცნობილი სკულპტორია, სოფოს მისი ნამუშევრებიც ძალიან ხშირად გამოაქვს. ამ პროექტში ჩემს მოდელებს მგლის ნიღბები აქვთ და ცოტა სადა შავ კაბებში გამოვაწყე - მსხვერპლიც და მოძალადეც ერთ ადამიანშია რეალურად გაერთიანებული. ეს იყო ჩემი ნამუშევრის კონცეფცია, ძირითადად კონცეპტუალურ მოდელზე ვმუშაობ.

 

 

 

 

„ძალადობა"


 

 

ბოლო პერიოდში მარიამ ონიანთან, რომელიც „Co. mode+"-ის მფლობელია, ჩემთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტზე შევთანხმდით. „ნინო სეფო Co.mode+თვის" ასე ჰქვია პროექტს,  ჩემი ესკიზების მიხედვით შექმნილი სამოსი უკვე ამ მაღაზიაში გაიყიდება. ამ ეტაპზე ამით ვარ დაკავებული.

 

 

კონცეპტუალურ პროექტზეც ვფიქრობ, ოღონდ ეს პროექტი ჯერ ბოლომდე არ მაქვს გააზრებული, სრულყოფილად ჯერ ვერ ვგრძნობ... მერე ვნახოთ, როგორ გამოვა... 

 

 

- როგორც თავად ამბობთ, კონკურსები და კომერციული მოდა არ გიზიდავთ...

 

 

- მართალია, კონკურსები არ მიზიდავს. ახლა კომერციულ მოდას პირველად შევეხე. ამიტომაც არის ჩემთვის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი. ჩემი ნამუშევრები მეტ-ნაკლებად კომერციულია, თუმცა უფრო კონცეპტუალური, სხვათაშორის ძალიან საინტერესოა...

 

 

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა ხაზით შეგარჩიეს „ვოგისთვის"?

 

 

- მათთვის თვითონ თემა იყო ძალიან საინტერესო. კავკასია ყოველთვის რაღაც მისტიკითაც იყო მოცული. ძალიან საინტერესოა, მესამე მსოფლიოს ნაწილი ქვეყნის მოქალაქეები თუ როგორ ინტეგრირდებიან თანამედროვეობაში და რა აბრკოლებთ... მითუმეტეს, მხარეს, რომელსაც ამდენი ტრადიცია აქვს, განსხვავებული ცხოვრების წესი... უცბად რაღაც ეტაპზე გლობალიზაცია და საზღვრების გახსნა მოხდა... და ჩვენ დავინახეთ, რომ ცალკე კონტექსტში არ ვართ, პირიქით, მსოფლიო ნაწილი ვართ.

 

 

- რა გარემოებამ ითამაშა დიდი როლი თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაში?

 

 

- ბავშვობიდან ყოველთვის ვიცოდი, რომ დიზაინერი უნდა გამოვსულიყავი. ალბათ, მამაჩემის პროფესიიდან გამომდინარეც, ყოველთვის ხელოვანებთან მიწევდა ურთიერთობა, მქონდა საოცარი ლიტერატურა. 

 

არქიტექტურული კოლეჯი დავამთავრე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ არქიტექტურა ყველაზე საინტერესო სფეროა, სადაც ყველაფერი ერთადაა მოქცეული - ტექნიკური, ლირიკული, მისტიური და ფუნქციური მხარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გადმოსახედიდან, არქიტექტორები ყველაზე საინტერესო, დახვეწილი და გამორჩეული ადამიანები არიან. რაღაც ეტაპზე არქიტექტორობას ვფიქრობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც ბავშვობისდროინდელ მოწოდებას გავყვევი. არქიტექტურა ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში, ხშირად მეუბნებიან - შენი ნამუშევრები სივრცობრივია, ერთგვარი ქანდაკების სინთეზიც არისო... შემდეგ უკვე ლიტერატურა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ნამუშევრებზე. ჰერმან ჰესეს გავლენით კოლექცია გავაკეთე. ჩემს შემოქმედებაში მწერლის გავლენა მუდმივად არის.

 

 

- არაერთხელ გითქვამთ, რომ მშობლებს დიდი გავლენა ჰქონდათ თქვენს შემოქმედებაში...

 

 

- მამაჩემი არქიტექტორია, ამჟამად კინეტიკურ ქანდაკებებზე თანამედროვე არტზე მუშაობს. დედას საოცარი სტილის კარგი შეგრძნება ჰქონდა. ეს ატმოსფერო და ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები ძალიან ილექება ბავშვის მეხსიერებაში და მერე რაღაც ფორმით პოულობს გამოხატვას. 

 

 

- საერთაშორისო ასპარეზზე ხართ გასული და მაინც საინტერესოა, რა აზრის ხართ ქართულ მოდაზე, თუნდაც ქართულ „fashion week"-ზე?

 


- „Mercedes benz fashion week", ძალიან საინტერესოა, უდიდესი შანსია ქართველი დიზაინერებისთვის. ზოგადად, საქართველოში ძალიან საინტერესო დიზაინერები არიან.  ძალიან ადრეა, რა თქმა უნდა, მოდის ინდუსტრიაში საქართველოს როლზე ვისაუბროთ, თუმცა აქ არის ძალიან კარგი ბაზა.  არიან საინტერესო ცალკეული დიზაინერები, რომლებიც მსოფლიო მოდის ბაზარზე  საკუთარ ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებენ. თუნდაც ის, რომ ორი წამყვანი მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ქართველია, „ბალენსიაგას" - დემნა გვასალია და „Thierry Mugler"-ის დევიდ კომა - ეს უკვე დიდი წარმატებაა.

 

 

 

 


 

 


ზოგადად, მუშაობის კულტურა ქართველ მოდელებსაც საკმაოდ მაღალ დონეზე გამოუმუშავდათ, არის ხარვეზები... მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო მოდელები არიან. თვითონ ეს კულტურა საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება და მოდელობა უკვე პროფესიად აღიქმება, რაც აუცილებელია. მიხარია და ვფიქრობ, ამ მხრივ რაღაც გარღვევა მოხდა.

 

 

- ჩემს კოსტიუმებს თავისუფლება უყვართო,  ამბობთ. რას გულისხმობთ?

 

 

 

 

 



- ზოგადად, ხელოვნებას კონიუნქტურა არ უყვარს, მითუმეტეს, ჩემს კოსტიუმებს. როცა კომერციულ მოდას აკეთებ, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, რომ კონიუნქტურას არ დავემორჩილო.

 

 

 

„ხეები"

 

 

 

 


„რეინკარნაცია"



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016