ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილთ ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. უწმინდესის თქმით, უფლის წყალობა ქვეყანას სხვადასხვა სახით ევლინება. მისივე თქმით, მამა გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნება იყო. იგი ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჯაჯანიძემ აკურთხა და გაბრიელი დაარქვა.
"მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა", - ბრძანა პატრიარქმა. "ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს და ყველას. უწმინდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს. სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. იგი აქ იქნება დასვენებული მორწმუნეებისათვის მოსალოცად.