reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: საფრთხე საკმაოდ რეალურია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:15
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: საფრთხე საკმაოდ რეალურია!
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 13:45

 

 

ექსპერტი ვახტანგ მაისაია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროცესების საქართველოზე გავლენას „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:


- ბატონო ვახტანგ, როგორ აფასებთ თურქეთის მხრიდან რუსული „სუ-24"-ის ჩამოგდების ფაქტს? აღნიშნულმა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა და ორივე მხრიდან მწვავე განცხადებები ისმის. რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?


- სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ბუნებრივია, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, რომელიც შესაძლოა გადავიდეს სამხედრო დაპირისპირებაში, თავის გავლენას პოვებს არამარტო აღმოსავლეთზე, არამედ კავკასიის რეგიონზეც. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ძირითადი ეპიცენტრი ყოველთვის იყო კავკასია. რუსეთმა ფაქტობრივად ჩაკეტა საჰაერო სივრცე, როდესაც დააყენა სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი, C-400, რომლის მოქმედების არეალი არის დაახლოებით 400 კილომეტრი, მას შეუძლია 400 კილომეტრის რადიუსით ნებისმიერი თვითმფრინავი „ჩამოხსნას ჰაერიდან", მათ შორის 30 კილომეტრი სიმაღლიდან. ასევე შეუძლია მიწვდეს თურქეთის ტერიტორიასაც.


სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს გართულდეს. მითუმეტეს, რომ რუსებმა განახორციელეს კონტრშეტევა, შეგნებულად დაბომბეს თურქმანული ტომებით დასახლებული პროვინცია, რათა უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. მათ შორის, იქ მოჰყვა ჰუმანიტარული კოლონა, რომელიც თურქი მოქალაქეებისგან შედგებოდა. ეს იყო ერთგვარი შურისძიება. ასევე რუსები პირდაპირ აცხადებენ, რომ ისინი ინადირებენ თურქულ თვითმფრინავებზე და შეეცდებიან მათ ჩამოგდებას. ეს რას ნიშნავს, ყველას კარგად მოეხსენება. ამის  ეპიცენტრი, შესაძლოა, კავკასიაც გახდეს.


- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ სიტუაციამ საქართველოზე?


- თურქეთს შეუძლია გადაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები და ფაქტობრივად, ჩაუკეტოს რუსეთს გასასვლელი ხმელთაშუა ზღვისკენ და ამით სამხედრო ტრანზიტი შეუძლებელი გახდება. ამის შემდეგ, რუსეთი ეცდება, გამოიყენოს ალტერნატიული ვარიანტი და პირველ რიგში, ჩვენი საჰაერო სივრცის მეშვეობით მოახდინოს სირიული დაჯგუფების მომარაგება. ესეც ერთგვარი გამოწვევაა საქართველოსთვის. თუმცაღა, რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია საქართველოს საჰაერო სივრცე, სწორედ სირიაში სამხედრო ტრანზიტის განსახორციელებლად. ამას ქართველი სამხედრო ექსპერტებიც ადასტურებენ. ისიც საინტერესოა, როგორ, რომელი მარშრუტით მოხდა ჩკალოვსკის სამხედრო აეროდრომიდან „C 400"-ების ოპერატიულად გადასროლა სირიის მიმართულებით.


- რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ქართულ მხარეს ამ ვითარებაში?


- საქართველო ამ შემთხვევაში ძალიან რთულ სიტუაციაშია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, საქართველოს ხელისუფლება თავისი ბოლო ნაბიჯებით გარკვეულწილად აბალანსებს ამ ურთიერთობებს. თურქეთი კი ჩვენთვის პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. აქედან გამომდინარე, ამ ორ ქვეყანას შორის საქართველო ძალიან ცუდად არის გაჩხერილი.


საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით პოზიციები ამ საკითზე არ გამოუკვეთია. მოკლევადიან პერიოდში ეს ალბათ დადებითი ნაბიჯია. მაგრამ, საშუალო პერსპექტივაში, ალბათ, საქართველოს გარკვეული პოზიციის გამოხატვა მოუწევს...

 

- ცივილიზებული მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევად დღეს ტერორიზმი იქცა. რა საფრთხეები არსებობს საქართველოს წინაშე „ისლამური ხალიფატის" მხრიდან? ასევე გკითხავთ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ტერორისტების მხრიდან საქართველოს მისამართით მუქარა ვრცელდება.


- „ჯიჰადისტებისგან" წამოსული საფრთხე საკმაოდ რეალურია. ამ ვიდეოს გავრცელებამდე გვახსოვს მუქარის შემცველი ორი განცხადება. ვიდეორგოლი დამზადებულია საკმაოდ მაღალ დონეზე. აშკარად ჩანს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი პირები იმყოფებიან სირიის ტერიტორიაზე. მათი სამხედრო ფორმა იძლევა საშუალებას, გავარკვიოთ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი შარიათული სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები. შესაბამისად, მათი მიმართვა არის კარგად დაწერილი და მომზადებული. ეს რგოლი გაკეთებულია ორგანიზაცია „ფურატის" სააგენტოს მიერ. ეს სააგენტო არის „ისლამური ხალიფატის" პროპაგანდისა და ინფორმაციის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სააგენტო, რომელიც ორიენტირებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ვიდეო არის ორიგინალი და გასაგებია, რომ შეთანხმებულია „ისლამური ხალიფატის" ხელმძღვანელობასთან. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის ჩამოყალიბების იდეა რეალურია და ვილაიეთი ნამდვილად შექმნილია. გურჯისტანის ვილაიეთი მოიცავს არამარტო საქართველოს, არამედ მუსლიმანურ ანკლავებს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ანკლავებსაც კი.


სხვათაშორის, აზერბაიჯანშიც დაიძაბა სიტუაცია. აზერბაიჯანის სპეცსამსახურებსა და გაურკვეველი „ჯიჰადისტური" ტიპის დაჯგუფებებს შორის მოხდა შეიარაღებული შეტაკება, რომლის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი „ჯიჰადისტების" მხრიდან და 2 ადამიანი სამართალდამცავების მხრიდან. ესეც საინტერესო მომენტია, რომელიც დაემთხვა ბაქოში არსებულ მოვლენებს.


აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ერთად აღებული, ზრდის საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს „ისლამური ხალიფატისგან". მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თავს აქაც ძალიან თავისუფლად გრძობენ.


- როგორ აფასებთ ხელისუფლების მოქმედებას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით?


 - ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა ფაქტზე რეაგირება, სხვანაირად ვერც იქნებოდა. მაგრამ, შეიძლებოდა უფრო მეტად ყოფილიყო მომზადებული, რომ გაეთვალისწინებინა ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ამ საკითხზე ბოლო 1 წელია მსჯელობენ. საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ თვითდაჯერებულია და ეს კარგია ერთის მხრივ, ამ მათ თვითდაჯერებას უნდა ჰქონდეს რეალური საფუძველი.


- რას ფიქრობთ საზღვრების ჩაკეტვის პოლიტიკაზე?


- საზღვრების ჩაკეტვის პოლიტიკას ამ ეტაპზე თავისი დადებითი როლი აქვს, მაგრამ იმ ჯგუფისთვის, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე მოქმედებს, ეს არაფერია. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016