ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ტერორიზმს 21-ე საუკუნის ჭირად აფასებს და აცხადებს, რომ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ცხელი წერტილია, რომელიც შეშფოთების საფუძველს იძლევა. მან აქვე ყურადღება გაამახვილა სირიელი მიგრანტების მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე. როგორც ცისკარიშვილმა განმარტა, სირიელი ლტოლვილების შეფარება შესაძლოა, ევროპას ძვირად დაუჯდეს.
ამ და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და გავლენას ახდენს საქართველოზე, სოსო ცისკარიშვილი „რეპორტიორს" ესაუბა:
- ტერორიზმი 21-ე საუკუნის ჭირია. ცხადია, წინა საუკუნეებშიც იყო ასეთი მოვლენები, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ბირთვული იარაღი. ახლა კი, ის ცხელი კერები, რომლებიც აშფოთებს მთელ დედამიწას, საკმარისზე მეტია. ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღება სრულიად სამართლიანად ეთმობა „ისლამური სახელმწიფოს" ქმედებებს. ძალიან რთულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმის ატანა, რასაც იტანენ სირიაში. მოსახლეობისგან იცლება ეს ქვეყანა. მაგრამ ის სტუმართმოყვარეობა, რაც ევროპამ გამოიჩინა, შეიძლება სწორედ ევროპული სახელმწიფოებისთვის უფრო მზარდი საფრთხის შემცველი იყოს და აისახოს ევროპული განვითარებული ქვეყნების პერსპექტივაზე. განსაკუთრებით, კონკრეტული პირების მიმართ არის ასეთი საფრთხე, რომლებიც დღეს უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ ევროპის ქვეყნებში. არც ისე შორს არის მათი შემდგომი არჩევნები და თუ ვნახავთ, რა განწყობებია პასუხად ევროპული მოსახლეობისგან იმ დაუფასებელ სტუმართმოყვარეობაზე, ცხადია, გადაწყვეტილებების მიმღებთა ცვლილება ამ ქვეყნებში რეალური იქნება. იგივე ქალბატონი მერკელი 2017 წელს შეეცდება, კვლავ დაიკავოს კანცლერის თანამდებობა გერმანიაში. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ ფართოდ გაღებული კარი სირიელი და სხვა წარმოშობის დევნილთა დასაბინავებლად, მის კარიერას ავნებს. ნუ დავივიწყებთ, რომ მიუხედავად აკრძალვებისა, ქვეცნობიერად ძალიან მცირე ჯგუფში, მაგრამ მაინც, ნეოფაშიზმის წამოტივტივება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ფლობ სიტუაციას და ძალიან მარტივად დასანახია ის, რომ სიკეთით შემოპატიჟებული ადამიანები შეიძლება გახდნენ მტრები იმ ქვეყნისა, რომელმაც ისინი შეიფარა.
- რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ? დგას თუ არა ეს ორი ქვეყანა სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე?
- დიდი დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოხდა ინციდენტი თურქეთისა და სირიის საჰაერო სივცეში, როდესაც ჩამოაგდეს რუსული ბომბდამშენი. თითქოს ამას ელოდნენ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები. აშკარად ავლენენ რაღაც საერთო თვისებებს და ამ ტრაგიკულ შედეგს ემატება ამ ორი ლიდერის სრულიად მკაფიო სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა მიაყენონ ერთმანეთს. დიდი ალბათობით, რუსეთი ეცდება, ახლა ეს ფაქტი გამოიყენოს იმ რეალობის შესაკმაზად, რომელშიც თავად აღმოჩნდა, საკუთარი პრეზიდენტის ქმედებებიდან გამომდინარე. ნუ ვიფიქრებთ, რომ თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებს სურთ, სიტუაცია საომარ ვითარებაში გადაიყვანონ, მაგრამ რადიკალები საკმარისზე მეტი არიან ამ ორ ქვეყანაში და არ არის გამორიცხული, ამ განწყობებმა გარკვეული კორექტირებები შეიტანონ სამომავლოდ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ეს ურთიერთობები უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სამაგალითო იყო.
ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდი ალბათობით, უკვე პარიზში, სხდომათა დარბაზში იმყოფებიან რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები. ვნახოთ, ექნებათ თუ არა მათ იმდენი რესურსი საკუთარ თავში, რომ შეხვდნენ და პირისპირ ისაუბრონ, რასაკვირველია - ვითარების განმუხტვისთვის. მაგრამ, „ქორები" ორივე მხრიდან მოუწოდებენ სულ უფრო მკაცრი სანქციების გატარებისკენ. სერიოზული მუქარები ისმის რუსული ტელეეკრანებიდან. იმასაც კი ითხოვენ, რომ თურქეთში მეორე სახელმწიფო ენა გახდეს რუსული. აქეთ ძალიან უბიძგებს რუსული შოვინიზმის მატარებელი საზოგადოება და ცხადია, მათ ასე მარტივად ვერ დააშოშმინებენ.
- რა გავლენას იქონიებს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა საქართველოზე?
- ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე მგრძნობიარე ამ პროცესის მიმართ უნდა იყოს საქართველო, არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარე. ნურც იმას დავივიწყებთ, რა ვითარებაში ვართ თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, რაც ყარსის ხელშეკრულება დაიდო და ორიოდე წლის შემდეგ ამ დოკუმენტის ვადა ამოიწურება და მერე ვნახოთ, ვინ უფრო მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის, როგორც გარანტი არსებული რეალობის შენარჩუნებისა. რადგან, ვიმეორებ, „ქორები" საკმარისზე მეტი ჰყავთ რუსეთშიც და თურქეთშიც და ალბათ უპრიანი იქნებოდა, თავადაც ვიყოთ კმაყოფილნი, თუ თურქეთი გახდება ევროკავშირის წევრი და თუ მას მიეცემა ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმი ევროკავშირში. ეს არანაირად არ უნდა იყოს ჩვენ მიერ აღქმული, როგორც წინმსწრები ნაბიჯი თურქეთისა ჩვენთან შედარებით. არ უნდა ვეჯიბრებოდეთ ვინმეს და რაც უფრო მეტი სიმშვიდე იქნება ჩვენს სამეზობლოში, მით უფრო მყარი იქნება ჩვენი პოზიტიური პერქსპექტივა.
- რა მოლოდინი გაქვთ ევროკომისიის ანგარიშთან მიმართებაში, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება? რას ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე?
- ორიოდე დღის წინ მქონდა საშუალება, დავსწრებოდი შეხვედრას ევროკომისართან, რომელიც პასუხისმგებელია სწორედ ევროკავშირის გაფართოებაზე და შესაბამისად, ვიზა-ლიბერალიზაცია მისთვის ერთ-ერთი ძირითადი თემაა. ის არ მალავდა საკუთარ კმაყოფილებას იმ რეფორმებით, რაც უკანასკნელ წლებში გატარდა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება გარკვეული საერთო მიდგომა ევროკავშირის და NATO-სი, რომ გადაიფაროს NATO-ს მიმართ რაიმე უკმაყოფილება, თუ ისინი უკვე ნაადრევადვე გვეტყვიან, რომ NATO-ში ჯერ ვერ შევალთ.
იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენი პროცენტია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა დაინტერესებული ვიზა-ლიბერალიზაციით. ძალიან ცოტა. რადგან, უვიზო მოგზაურობა არ ნიშნავს უფასო მოგზაურობას. ვიდრე ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საძებარია არა ვიზა, არამედ ლუკმაპური, შეიძლება მისთვის გამაღიზიანებელიც კი იყოს მუდმივი საუბარი ვიზა-ლიბერალიზაციაზე. ჩვენს პოლიტიკოსებს ვიზის საკითხი არ აწუხებთ. ისინი დასეირნობენ ევროპაში საქმიანი ვიზიტებით, სიკეთეს უმკიან ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ვიზა ვერ იქნება ატაცებული თემა ჩვენი მოსახლეობის მიერ, რადგან მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე უკვე გასულია საზღვარგარეთ ყოველგვარი ლიბერალიზაციის გარეშე და ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს სრული ინფორმაცია, რას წარმოადგენს ვიზა-ლიბერალიზაცია, როდის შეიძლება მისი გამოყენება, რა პირობები იქნება. ვიდრე ამ ყველაფერს არ გავაცნობთ დეტალურად ჩვენს მოსახლეობას, მანამდე ასეთი ვიშვიშის ატეხვა უვიზო რეჟიმის შემოღებაზე, ისევ ნეგატიურად გაჟღერდება ჩვენს საზოგადოებაში. ეს გარკვეული უმადურობის ფორმაც შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია და აქვს მხოლოდ იმის მოლოდინი, რაც მას არ შეეხება, შესაძლოა ამან უკმაყოფილებაც გამოიწვიოს. თავისთავად, თემა მოსასმენად სასიამოვნოა, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ ამით ქართველი ერი ბედნიერი გახდება. ბედნიერებას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და მდგრადი განვითარება უნდა.
- ბოლოს ისევ ტერორიზმზე გკითხავთ, რა საფრთხეები და გამოწვევები არსებობს „ისლამური სახელმწიფოსგან" საქართველოს მიმართ და რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით?
- რუსეთი ათწლეულების განმავლობაში „სიამოვნებით ბრძანებდა" ხოლმე, რომ კავკასიის ქედს მიფიცხებული რაიონები წარმოადგენენ უდიდეს საფრთხეს და ეს გახლავთ შავი ხვრელი, რომელიც არის უკონტროლო. რასაკვირველია, პანკისელებს აღიზიანებდათ და აღიზიანებთ ასეთი შეფასებები. მივედით უკვე იქამდე, რომ თავად უნდა ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა, თუ რატომ გაედინებიან პანკისელი ახალგაზრდები სირიაში მიმართულებით. შესაძლოა ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ მაინც ხომ არის. რასაკვირველია, აუცილებლობა, რომ ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ თანამედროვე სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელოვან სფეროებში, არის უპირველესი ამრიდებელი ასეთი გადაწყვეტილებებისა. არ ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა აცნობიერებდეს საკუთარ მოვალეობას, თუნდაც პანკისელი ახალგაზრდების მიმართ. ზოგადად პანკისელი ქისტები არავისზე ნაკლები პარტიოტები არ არიან საქართველოსი. სწორედ პანკისელი ქისტები და მათი სამეზობლო გახლდათ ის ძალა, რომელმაც შეწყვიტა ლეკიანობა საქართველოში, მე-19 საუკუნეში.
მუდმივად საუბარს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ჯობია, კონკრეტული თავმდაბლური ნაბიჯები იყოს გადადგმული და შედეგს ვხედავდეთ. თითქოს სრულიად უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ, ჩემთვის ცნობილია, რომ მომავალ კვირა დღეს თბილისში იმართება პროგრამა, „კინო სკოლაში" წელიწადის დასრულებასთან დაკავშირებით, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან მოსწავლეები, საკუთარი ხედვითა და იდეებით. ეს არის უზარმაზარი მუხტი თავად ახალგაზრდების სივრცეში. ასამდე მოსწავლე პანკისის ხეობიდან ისწრაფვის, რომ ჩამოვიდეს თბილისში და დაესწროს ამ ღონისძიებას. თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფინანსებიც მოიძია საამისოდ, მაგრამ რატომღაც დისტანცირდა მთელი ამ ღონისძიებისგან განათლების სამინისტრო და ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ უაღრესად ნიჭიერი ბავშვების დედაქალაქში ჩამოყვანის საკითხი. იმის გათვალისწინებით, თავად ილტვიან მოსწავლეები დედაქალაქისკენ და მათი წინა ჩამოსვლა მათთვის დაუვიწყარია, რასაკვირველია, მათზე ეს ცუდად იმოქმედებს. შესაძლოა, ბავშვებს უფრო მარტივად გადაატანინო ასეთი უდიერი მოპყრობა, მაგრამ მათი უფროსი და-ძმა იქნება თუ მშობლები, კიდევ უფრო ჩაიკეტებიან საკუთარ თავში. უნდა ვეძიოთ ყველა რესურსი, რომ პანკისი და მთიანეთი ზოგადად იყოს ისეთივე ცივილიზებული, როგორიც დედაქალაქია. თუ არ გვექნება რეგიონებთან მუდმივი საქმიანი, პროფესიული, მეგობრული ურთიერთობა და თუ მხოლოდ საკუთარი რაიონის პრობლემებით ვაპირებთ ცხოვრებას, გაუცხოება ჩვენს საზოგადოებაში იქნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. როდესაც აუცილებელი გახდება ერის ერთიანობა და შეიძლება იყოს აუცილებლობა, რომ ყველაფერი მოხდეს მყისიერად, ნამდვილად შევრცხვებით საკუთარივე ისტორიის წინაშე. 21-ე საუკუნეა, საბედნიეროდ, მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერნეტიზაცია. დღეს ახალგაზრდებს აქვთ წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე და ეს ცოდნა და მათი განწყობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ერის კონსოლიდაციისთვის და ერთმანეთთან მხოლოდ სიკეთით ურთიერთობის პრაქტიკა დავამკვიდროთ.