პოეზია დიდი ხანია აღარ არის მასობრივი მოთხოვნილების პროდუქტი. გამომცემლობა „Вита нова"-მ ცალკე წიგნად დაბეჭდა ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი". ვლ. მაიაკოვსკის სახელობის ბიბლიოთეკაში, წიგნის პრეზენტაციაზე ჩამოვიდა თავად ავტორი და მთარგმნელი ნიკოლაი გოლი. ლექსებს შთამაგონებლად კითხულობდა მსახიობი სერგეი მიგიცკო, შესაძლოა, ცოტა ზედმეტადაც, რადგან, როგორც წინასიტყვაობიდან ვიგებთ: „დავით მაღრაძის პოეტიკისთვის დამახასიათებელია მედიტაციური ინტონაცია... ის პირველ რიგში ფიქრის პოეტია".
პოეტის ფიქრები რუსულ ენაზე დიდებულად მოიტანა მთარგმნელმა ნიკოლაი გოლმა: „Во мне говорит всё то, Что было ранее, Все знания, Которые набрал: Патриотизм - Стремление к реваншу У тех, кто безнадежно проиграл". პოემის სიუჟეტი - მთავარი პერსონაჟის გასამართლებაა, ავტორის alter.ego. ძნელი გასაგებია, რისთვის ასამართლებენ, ბრალდება კონკრეტულად არ არის ფორმირებული. რამდენადაც ვხვდები - იმისთვის, რისთვისაც ნაბოკოვის გმირი - ცინცინატი გაასამართლეს, იმისთვის, რომ სხვებს არ ჰგავს, იმისთვის, რომ გაუმჭვირვალია. მსგავსი კოლიზია ევროპული კულტურისთვის ჩვეული ამბავია და გასაგები ხდება, რატომ მოიხსენიებიან წიგნში ქრისტე, სოკრატე, პრომეთე და ევროპული კულტურული მითოლოგიის სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებიც ტრადიციული რომანტიული კონფლიქტის სახეებად ითვლებიან - გონდახშული ობივატელების ფენასთან ნიჭიერი პიროვნების დაპირისპირება - ეს კონფლიქტი ავტორს საკუთარი ბიოგრაფიის ფილტრში გაუტარებია: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი, 1990 წელს საქართველოს კულტურის მინისტრი („ახალგაზრდობის შეცდომა"), პარლამენტის დეპუტატი. 2003 წელს „ვარდების რევოლუციის" მხარდამჭერმა, შემდეგი 10 წელი სააკაშვილთან დაპირისპირებულ ოპოზიციაში გაატარა. როგორც მისი ბიოგრაფიული ცნობარით ვიგებთ, დააარსა ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მაღრაძის წიგნები გამოცემულია ინგლისში, გერმანიაში, თურქეთში, იტალიაში და აშშ-ში. 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურეატის წოდებაზე. დათო მაღრაძის ბიოგრაფია, მსოფლმხედველობა და პოეტიკა სრულად შეესატყვისება ამ ლიტერატურული ჯილდოს არაფორმალურ მოთხოვნებს. მისი პოეზია გასაგებია ყველა ქვეყნის მკითხველისთვის და ამდენად, თარგმნასაც ექვემდებარება. დავით მაღრაძე წარმოადგენს - და ღირსეულადაც წარმოადგენს - დრამატული ისტორიითა და ღირსეული ლიტერატურული ტრადიციებით აღსავსე პატარა, ახალგაზრდა სახელმწიფოს, რომელსაც ნობელის პრემია დღემდე არ მიუღია. საერთოდაც, აგერ უკვე 20 წელია პოეზიაში ნობელის პრემია არ გაცემულა.
ავტორი: სერგეი კნიაზევი
წყარო: ჟურნალი „Деловой Петербург “ 2015 წლის 26 ნოემბერი