მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ გაკეთა არჩევანი მამუკა ვასაძეზე, რომლის მიმართაც რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, განაცხადა, რომ მამუკა ვასაძის მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ შერჩევის მთავარი მიზეზი და საფუძველი იყო მისი პროფესიონალიზმი და მისი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
„მამუკა ვასაძეზე არჩევანის შეჩერება მოხდა მისი მაღალი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და საქმისადმი დამოკიდებულების ნიშნით. რაც შეეხება მის მიმართ კითხვის ნიშნებს, მე არაერთხელ მაქვს ამ მიმართულებით პასუხი გაცემული, რომ პროკურატურაში არსებობს ეფექტური დანაყოფები, როგორიც არის გენინსპექცია და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ამ დანაყოფებს მიმართოს, რაზეც მოხდება ადეკვატური და ობიექტური რეაგირება. თუმცა, ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით არ ვფლობ ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მან გენინსპექციის გამოძიებული რამდენიმე საქმეც დაასახელა. ამასთან ირაკლი შოთაძემ მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე დღეს თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.