სასჯელაღსრულების სისტემის გარდაცვლილი თანამშრომლის, 29 წლის გიორგი ოქროპირიძის ახლობლები თვითმკვლელობას მის სამსახურს უკავშირებენ. 29 წლის გიორგი ოქროპირიძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გორში რამდენიმე ვერსია გავრცელდა, ერთ-ერთი ვერსიით კი ოქროპირიძეს ვალები ჰქონდა, რამაც ის სუიციდამდე მიიყვანა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები აღნიშნულ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ გიორგის არც ვალები ჰქონდა, არც პირადული ან ოჯახური პრობლემები. ოქროპირიძეები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, თუმცა საკუთარ ვერსიაზეც საუბრობენ. გარდაცვლილის ახლო ნათესავები თვითმკვლელობას მის სამსახურს უკავშირებენ. მამის, რევაზ ოქროპირიძის თქმით, გიორგი სამი თვის განმავლობაში თბილისში, პროკურატურაში დაკითხვაზე დაჰყავდათ და გარკვეული პირების მიმართ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, რის გამოც იგი აფორიაქებული იყო და ნერვიულობდა. გარდაცვლილის ოჯახი გახმაურებულ ციხის ფაქტებთან გიორგის კავშირს გამორიცხავს.
თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. გამოძიების დასრულებამდე კი სამართალდამცავები კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ. გარდაცვლილს მეუღლე და ხუთი თვის შვილი დარჩა. გიორგი ოქროპირიძე სასჯელაღსრულების სისტემაში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი გორში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იპოვეს.