კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. როგორც აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა დევიდ ბოუდიჩმა განცხადა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ. უწყების დირექტორის ჯეიმს კომის განცხადებით კი, დამნაშავეები სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.
„The New York Times"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, პაკისტანური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეს - 28 წლის საიედ ფარუქს რადიკალ ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი, ხოლო მისმა მეუღლემ - პაკისტანის მოქალაქემ ტაშფინ მალიქმა „ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო.
წყვილის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ბოროტმოქმედები არასამთავრობო ორგანიზაცია „Inland Regional Center"-ის საკონფერენციო დარბაზში შეიჭრნენ, სადაც იმ მომენტში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.