ამერიკის ყოფილმა ელჩმა NATO-ში კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას არ ელოდება. თუმცა, მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს ატლანტიკურ მიზნებთან ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა დააახლოებს.
„საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას NATO-სთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს MAP, მაგრამ აქვს მისი ეკვივალენტი - NATO-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ NATO-ს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად NATO-ს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ „გაუყინავ" კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან MAP-ის პროცესის დაჩქარებას", - განაცხადა ვოლკერმა.
შეკითხვაზე - ელოდება თუ არა, რომ საქართველოს მხარს დაუჭერენ საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ამ საკითხისადმი კრიტიკული განწყობით არიან ცნობილნი, ვოლკერი პასუხობს, რომ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
„საფრანგეთის და გერმანიის უარი გარემოებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამაზე გავლენას იქონიებს საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ნაკლებობა, თავისუფალი მედია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის უფრო მოწიფული ურთიერთობა, რაშიც ამჟამად ვფიქრობ, ორივე მხარე დამნაშავეა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ასე ვთქვათ „რუსეთის პროვოცირება" არ სურთ. ეს წარმოდგენა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი", - აცხადებს ვოლკერი.