9 დეკემბერს, პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ფოტოგამოფენა „თბილისი ფრანგ ფოტოგრაფთა ობიექტივში, მე-19 საუკუნის უცნობი კოლექციები" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოადგენენ სამი ფრანგი ფოტოგრაფის 30 ნამუშევარს, რომელიც 1890-იანი წლების თბილისს ასახავს. პოლ ნადარისა (1856-1939) და პოლ ლანკრენონის (1857-1922) სახელები ცნობილია ფრანგულ ფოტოგრაფიაში და საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ ცნობებიც არის დაცული. სამწუხაროდ, უცნობია მესამე ფოტოგრაფის ვინაობა, რომლის კოლექციაც ინახება ფრანგი არქიტექტორის ჰენრი დენოს (1874-1969) არქივში.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის არქივებში დაცული საქართველოს ამსახველი ფოტოები საგამოფენო დარბაზში გამოიფინება და მას ფართო საზოგადოება იხილავს. გამოფენის მიზანია ფართო საზოგადეობას საშუალება მისცეს, გაეცნოს ფრანგი ფოტოგრაფების თვალით დანახულ მე-19 საუკუნის თბილისს, აჩვენოს ის წვლილი, რაც მათ შეიტანეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფოტოფიქსაციის საქმეში და წარმოაჩინოს ის ურთიერთობები, რაც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს.
აღნიშნული ფოტოები დაცულია საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობისა და არქიტექტურის მედიათეკაში.
გამოფენის კურატორია საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მკვლევარი ანა ჭეიშვილი.
გამოფენა გაიმართება გალერეაში Heartgalerie და გასტანს 14 დეკემბრამდე.