reportiori.ge - "კოკოშა" (ვახტანგ კობაიძე) კადრს მიღმა დარჩენილ ამბავს იხსენებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 00:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
"კოკოშა" (ვახტანგ კობაიძე) კადრს მიღმა დარჩენილ ამბავს იხსენებს...
07 დეკემბერი, 2015. 01:01

"კოკოშა" (ვახტანგ კობაიძე) კადრს მიღმა დარჩენილ ამბავს იხსენებს...

ჟურნალისტურ ცხოვრებაში არის მომენტები, რომლებიც კადრს მიღმა რჩება. შემდეგ გადის წლები და მათი გახსენება უკვე ღიმილს იწვევს. ასეთ ამბავს შეგიძლია უკვე იუმორისტულ-კურიოზულიც კი უწოდოთ. ერთი ამბავი ახლაც მინდა გავიხსენო. მისი  უშუალო მონაწილე გახლდით და ეს საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" დამთავრების შემდეგ მოხდა.

 1981 წელს რვასათიანი „მოამბე" დიქტორების ნაცვლად ჟურნალისტებს მიჰყავდათ. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი ეთერი იყო. კვირის თითოეულ დღეს თავისი წამყვანი ჰყავდა.  „მოამბე" ახალი ფორმატითა და სიუჟეტების მრავალფეროვნებითაც  გამორჩეოდა. ყველა რუბრიკას თავისი ავტორი ჰყავდა, რომლებიც თავიდანვე ისხდნენ სტუდიაში და მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს უძღვებოდნენ. ძველი და ახალი თაობის ჟურნალისტთა ერთობლიობამ, არა მარტო „მოამბე", არამედ მთელი ამ პერიოდის გადაცემები (მაშინ ის ერთადერთი ქართული ტელევიზია იყო) -თავისი შინაარსით, აქტუალობით, მრავალფეროვნებითა და ნოვატორობით - კავშირის მასშტაბით, თითით საჩვენებელი გახადა. ყველაფერი ამის შემოქმედი და ინიციატორი კი ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი ნუგზარ ფოფხაძე გახლდათ. იმ ოთხშაბათს წამყვანი მერაბ ბერაძე გახლდათ: კარგი მოსაუბრე, გამოცდილი ჟურნალისტი მცირე ნაკლით, შიშინა და სისინა ბგერების გამოთქმა უჭირდა, თუმცა ასო რ-ს კარგად ამბობდა. კომენტატორს, თუ ის კარგი მოუბარია, ეს ეპატიება. გურამ ჟვანია, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, ცნობილი რეჟისორი, მრავალი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, ასო რ-სთან მწყრალად იყო. მეც, თქვენს მონა-მორჩილს, კულტურა-ხელოვნების წამყვანს, იგივე უბედურება მჭირდა,  ასო რ-ს ვერაფრით გავუშინაურდი. ერთადერთი თამარ ბალავაძე გახლდათ, ვინც ოცდაცამეტივე ბგერას გამართულად წარმოთქვამდა. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ იმ დღის „მოამბე" მართლაც გამორჩეული გამოვიდა. კულტურის ბლოკში რუსთაველის თეატრის 100 წლის იუბილე გავაშუქე. იმ დღის მიმოხილვა კარგად ავაწყვე. ვიძახე და ვიძახე: „ლუსთაველის თეატლი", ლობელტ სტულუა და ა.შ. და მოამბის ბოლოს, დამაგვირგვინებელი ცნობილი სიუჟეტების ციკლი- „თბილისი ჩემი სიყვარული", რომლის ავტორიც გურამ ჟვანია (როგორც თვითონ ამბობდა -გულამ ჟვანია,) ასო ლ-ს მორიგი კორიანტელით. მერაბ ბერაძემ ბოლოს ამინდიც გამოაცხადა და „მოამბეც" დამთავრდა.. ტელევიზიის ხელმძღვანელობა ნუგზარ ფოფხაძის თაოსნობით, „მოამბის" სიუჟეტების ავტორები, რეჟისორი, თავისი ასისტენტებით, გამნათებლები და, რა თქმა უნდა,  ჩვენც, ვინც იმ დღეს „მოამბეში" ვისხედით, მეხუთე სტუდიაში „მოამბის" მორიგი გამოშვების წარმატებას ერთად ვზეიმობდით. ყველა გვილოცავდა. ნუგზარ ფოფხაძემ გვითხრა პრემიას იმსახურებთო. ამ დროს სტუდიაში ზარი გაისმა. გურამ ჟვანიამ ყველას დაასწრო და ყურმილი ამაყად აიღო.

„გისმენთ, დიახ, ქალბატონო, გმადლობთ, დიდი მადლობა" - საუბრის დროს არც ერთი სიტყვა არ გამოუყენებია, სადაც ასო -რ ურევია. გურამი მხიარულად დაემშვიდობა უცნობ ქალბატონს და მერე სიცილ-სიცილითა და გაბრწყინებული სახით მოგვიბრუნდა: „ვაჰ, რა კარგი ქალბატონი იყო, რა ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, რა მშვენიერი"... თან იცინის, მისი სიცილი ჩვენც გადმოვედო. „რაო მერე, რა გითხრა" - „რა კარგი  ბიჭები ხართო  შესახედავად, პროფესიონალები, თქვენი საქმის ოსტატები, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმ სიამოვნებისთვის, რაც ამ საღამოს მომანიჭეთო. და მერე მოაყოლა: ამხელა ტელევიზიაში ერთი ლოგოპედი რა გახდა, რომ მიგეყვანათო?!" წუთით ყველა შევცბით, შემდეგ ისტერიული სიცილი აგვიტყდა, მოკლედ, ძალიან ვიმხიარულეთ იმ ქალბატონის შენიშვნაზე. აქ ნუგზარ ფოფხაძემ თავისი სეფე-სიტყვა თქვა: „დიდი მადლობა დღევანდელი მოამბისთვის, პრემიის ღირსნი ხართ, რაც შეეხება ლოგოპედს, დავფიქრდები... ლოგოპედი... რატომაც არა!"

 იმ ოთხშაბათის შემდეგ ჩვენ სამნი: მერაბ ბერაძე, გურამ ჟვანია და მე „მოამბეში" ერთად აღარ დავმჯდარვართ, თუმცა კვირის სხვა დღეებში ჩვენ-ჩვენ რუბრიკებს კვლავ ჩვეულებრივი შემართებით ვუძღვებოდით...


 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016