reportiori.ge - ბაკურ სვანიძე: „რა კაი ტიპია!..“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბაკურ სვანიძე: „რა კაი ტიპია!..“
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 14:27



რა კაი ტიპია!.. (ჩანახატივით - 7 ნოემბერზე)


- კაი რა, ძმაო! ვის აღარ ველაპარაკე, ვის აღარ მივმართე... ბიჭო, ტიპი, რომელმაც ლეპტოპით მიტინგზე გადაღებული ჩემი კადრები მანახა და სამსახურიდან გამიშვა, ახლა გენერალურ შტაბშია მაღალ თანამდებობაზე, გესმის? მე კიდევ, აგერ, ერთი, ეს სოციალურად დაუცველის სტატუსი მომაშავეს და ეგაა, რაღაც შეღავათებით ვსარგებლობ... სხვა არაფერი...


- ვა! რამდენი წელია, აღარ მინახიხარ. ხო ხარ ჯიგრულად?


- ვაჰ, გაუმარჯოს... რას შვრები, საით ხარ?


- ისევ იქ რა... დაცვა და რამე. ყოფილი სპორტსმენები ყველას ვჭირდებით, ხო იცი...


საუბარს ვწყვეტთ, რადგან კიდევ ერთი ძველი ნაცნობი გვიახლოვდება. ძალიან ფეხათრევით, რაღაც კოჭლობით მოდის და უხერხულად იღიმება. თან ასე 10 წლამდე ასაკის გოგონა ახლავს. ხელიხელჩაკიდულები მოდიან. გოგონა მას ქვევიდან ახედავს ხოლმე ღიმილით. ეს რაღაცას ეუბნება. მოვიდნენ.


- ვააჰ! შორიდან, ეგ არის-მეთქი, არ არის... რამდენი წელია, ტო! როგორ ხარ?


ბეჭებზე ხელს მირტყამს.


მართლაც, მე რამდენიმე წელი წასული ვიყავი უბნიდან. სხვა უბანში ვცხოვრობდი, ნაქირავებში, ცოლ-შვილთან ერთად. რომ გავშორდი, მერე დავბრუნდი ჩემს უბანში და დიდი ხანია აქაურები არ მინახავს. მოვიკითხე მეც. ჩემი პირველი თანამოსაუბრე გამოცოცხლდა. იმ 10 წლის გოგონას გამოელაპარაკა. მიიხუტა.


- მამიკო თუ ნებას მოგვცემს, აგერ, მაღაზიაში გამომყევი. „კოკა", შოკლადი, ამოირჩე და ბიძია გეპატიჟება! - ეუბნება და თან მამამისს უყურებს თვალებში. მამამ უხერხულად გაიღიმა. ხმის დაძვრა ვერ მოასწრო, რომ ისინი უკვე მაღაზიის კარს აღებენ. ჩვენ ერთმანეთის მოკითხვა გავაგრძელეთ...


- რა კაი ტიპია!.. - მეუბნება და თვალს აყოლებს ჩემს პირველ მოსაუბრეს, რომელმაც მისი გოგონა მაღაზიაში წაიყვანა, - ეტყობა, უყვარს ბავშვები. კეთილი ადამიანი ჩანს.


- ხო იცნობ, კაცო? - ვეკითხები. ერთი უბნელები ვართ, მართალია ეს ცოტა მოშორებით, სხვა კვარტალში ცხოვრობს, მაგრამ წესით, უნდა იცნობდე.


- არა, მე მაგას ახლოს არ ვიცნობ. უბრალოდ დამინახავს კი. მე ხო აქეთ იშვიათად გადმოვდიოდი, აქაურები ცოტა ვიცი. ეგ, შენ გადმოდიოდი ხოლმე ჩვენკენ ხშირად - ბავშვობას გაუღიმა თუ მე, ბოლომდე ვერც მივხვდი


- საით ხარ, რას შვრები? - ვკითხე უფრო იმისთვის, რომ ჩუმად არ ვყოფილიყავით...


- რა ვიცი, ხომ იცი, ყოფილი სპორტსმენები არავის ვჭირდებით! - გამიღიმა ისევ.


- ჰო, მახსოვს, შენ სულ ვარჯიშობდი. წეღან მომეჩვენა თუ კოჭლობით მოდიოდი რაღაც?..


- ჰო, ბიჭო, ეგ ამბავი არ იცი? აი, მაშინ რა... დღეს 7 არ არის რიცხვი? ჰო, ზუსტად დღევანდელ დღეს 2007-ში, მე ხო სამხედროში ვიყავი, რა... და დაგვავალეს... ხო ხვდები...


ვერ აბამს თავს სათქმელს. დიდი მჭევრმეტყველებით ვერც ბავშვობაში გამოირჩეოდა. ვეხმარები.


- ხო, ალბათ, ხალხის დარბევაში მონაწილეობა, არა?


- ჰო, ბიჭო, რა... და არ შემიძლია მე ეგეთები, ძმაო! - შვებით ამოისუნთქა თითქოს და განაგრძო, - ავადმყოფობა მოვიმიზეზე რა, ნაცნობი დამეხმარა პოლიკლინიკიდან და დავეთხოვე მაგ დღეებში. მერე ტელევიზორში რომ ვნახე, ხალხს ურტყამდნენ, ვერ მოვითმინე. სამხედრო ფორმა გავიხადე, სამოქალაქო ჩავიცვი და მივედი რიყეზე. ხომ იცი, 3-4 კაცის გაჩერება ჩხუბში თავისუფლად შემეძლო. შემეცოდა, ხალხს რომ ასე უმოწყალოდ ურტყამდნენ და ვიფიქრე, რამდენიმე ადამიანს მაინც გადავრჩენ, გამოვიყვან, მივეშველები-თქო...


- შენ, ძმაო, თავი გაგიწირია აბა, - გაოცებას ვერ ვმალავ.


- ბიჭო, ვხვდები კი, რომ ნამეტანი მოვინდომე, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მართლა გამოვათრიე 5 თუ 6 კაცი სპეცრაზმის და სამხედროების ხელკეტებისგან. მაგრამ ბოლოს ან მიხვდნენ, რომ კარგად ვჩხუბობდი, ან მიცნო რომელიღაც ნიღბიანმა და მობილიზდნენ ჩემს წინააღმდეგ, 2 და 3-ის მაგივრად ჩემი მიმართულებით ერთბაშად 10-12 წამოვიდა... მოკლედ, არაადამიანურად მირტყეს, ძმაო. გონება სანამ არ დავკარგე, არ მომეშვნენ. აზრზე რომ მოვედი, სადღაც აფთიაქში ვეგდე. ვიღაცამ შემათრია, როგორც ჩანს. მერე სასწრაფო მოვიდა. მოკლედ, აი, ხერხემალი მაქვს დაზიანებული. მარჯვენა ფეხს რომ მართავს, ეგ ნერვიც მძიმედ დაზიანებული. გადაადგილება მიჭირს...


- სამსახურიდან გაგიშვეს? - ვკითხე და გული მართლა ყელამდე ამოვიდა.


- საავადმყოფოდან გამოსვლაც არ მაცალეს, ბიჭო. პალატაში მოვიდა ჩემი ბატალიონის მეთაური, მეუბნება, აკი ავად იყავი და ბიულეტენზე იყავიო? და წარმოიდგინე, საიდანღაც გადაღებული კადრები მანახა, მე რომ იმ მიტინგზე ვარ და ხალხს ვეხმარები. ლეპტოპი ჰქონდა მოტანილი და ბოლოს მითხრა, ალბათ ხვდები, რომ ნაწილში აღარ უნდა დაბრუნდეო. ეგრე იყო რა...


- არა უშავს. მოგვარდება, ძმაო, ყველაფერი, აგერ შვილი გყოლია უმაგრესი ბავშვი, - დავიწყე უაზრო ნუგეშისცემა.


- შვილი ხო... ცოლი გამექცა... ნოლზე დავრჩი, ძმაო, ხო ხვდები? მე სხვა საქმე არ ვიცოდი არაფერი. ხო გახსოვს ჩემი ცოლი. ბავშვობიდან მაგ გოგოს მეტი არავინ მინდოდა. რომ დამცინოდნენ ბიჭები, ხო გახსოვს... ჰოდა, ეტყობა, ქალი ქალია რა... ვერ გაუძლო. პურის ფულიც აღარ გვქონდა... რაც უნდა იყოს, წარუმატებელი ტიპი თურმე მაინც არავის უნდა... შვილი, აგერ წამოიზარდა და თვითონ ითხოვს ხოლმე ახლა, რომ მამა ნახოს. ასე კვირაში ერთი დღე მომყავს, მაგრამ კანფეტსაც ვერ ვყიდულობ ხშირად ბიჭო ბავშვს...


- ეგ არაფერი, დაახლოებით ჩემსავით მოგსვლია, - ვუღიმი ნაძალადევად, - მისმინე და ესენი რომ მოვიდნენ ახლა, არაფერი?... - სიტყვა გამიწყდა...


- კაი რა, ძმაო! ვის აღარ ველაპარაკე, ვის აღარ მივმართე... ბიჭო, ტიპი, რომელმაც ლეპტოპით მიტინგზე გადაღებული ჩემი კადრები მანახა და სამსახურიდან გამიშვა, ახლა გენერალურ შტაბშია მაღალ თანამდებობაზე, გესმის? მე კიდევ, აგერ, ერთი, ეს სოციალურად დაუცველის სტატუსი მომაშავეს და ეგაა, რაღაც შეღავათებით ვსარგებლობ... სხვა არაფერი...


ამასობაში ისინი მაღაზიიდან გამოვიდნენ. გოგონას პარკით შოკოლადები მოაქვს, „კოკა-კოლას" სვამს და ახალგაცნობილ ბიძიას რაღაცას გაღიმებული ელაპარაკება. მოვიდნენ.


- ანგელოზი ბავშვი გყავს, ძმაო! ბედნიერი კაცი ხარ! - ბეჭებზე ხელს უტყაპუნებს ეს.


-მადლობა, მეგობარო, - ამბობს მორცხვად და გოგონას ხელს კიდებს - ჩვენ წავალთ, ავტობუსი მოვა უკვე. გაჩერებაზე 8 წუთი ეწერა წეღან და... - სიტყვას აღარ ამთავრებს, ვატყობ, რომ ცრემლები ერევა, თავს გვიქნევს და უხმოდ მიდიან. გოგონა ცოტა ხანს კიდევ გვიყურებს ზურგს უკან მოტრიალებული ლამაზი თავით და მერე მამას მიჰყვება.


- რა კაი ტიპია!.. - მეუბნება ეს - ეტყობა, ზრდილობიანი და კეთილი მასტია. კი ვიცნობ შორიდან, მაგრამ ახლო ნაცნობობა არ გვქონია...


- ჰო, კარგი ადამიანია ნამდვილად, - ვამბობ და ვაპირებ, მოვუყვე მისი ამბავი. უცებ თავად იწყებს:


- ჰოდა, ეგრე ძმაო! წეღან რო ვბაზრობდით. მოკლედ, ყოფილი სპორტსმენების ამბავი ხო იცი არა. დაცვა, „ლიჩნიკი", რამე, „ზევით" ყველას ვჭირდებით რა და ისევ იქა ვარ...


- ჰო, - ვეუბნები და ვგრძნობ, რომ ვმძიმდები, - მახსოვს, სადღაც იყავი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, სად...


- სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავი, ძმაო, ძალოვანები რა! მოკლედ, გავრბივარ ახლა, მეჩქარება. მოსაგვარებელი მაქვს რაღაც. მელოდებიან. მერე ერთ მაგარ ქალთან უნდა შევიარო, უნდა მოვასწრო, სანამ ცოლი დამირეკავს, - ეშმაკურად მიღიმის, - ჩემი ამბავი ხო იცი. ამასწინათ ავაგდე ახალი „ნაშა". წარმატებული ტიპები ყველას ვევასებით, ხო იცი! სხვა დროს გნახავ და ბევრი ვილაპარაკოთ რა.


- კარგი. აბა შენ იცი, - არ ვინტერესდები, სად მიდის. არ ვიცი, რატომ. თავად აგრძელებს.


- ბინის კლიენტებს უნდა შევხვდე რა. აი, იმ ბინას ვყიდი, ხო იცი, დიღომში...


- შენ დიღომშიც გაქვს ბინა?


- ჰო რა, აი მაშინ, მიშამ რომ დაგვირიგა... - ალბათ სახე ძალიან შემეცვალა. უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და მგონი, გაიაზრა, რომ რაღაც ცუდი წამოროშა. პაუზის მერე შეცვლილი ტონით გააგრძელა:


- ვაჰ! შენ ისევ ის ტიპი ხარ რა, რაც ბავშვობაში იყავი! კაი, ჰო, რა იყო... დაგვავალეს და გავაკეთეთ... მე ძმაო, პოლიტიკოსი კი არ ვარ, პროფესიონალი ვარ ჩემი საქმის! - ამაყი სახით მეუბნება და შავ დიდ მანქანაში ჯდება.


ფანჯარა ჩამოწია და ღიმილით მიყურებს.


- აუ, რა კაცი ხარ შენა რა! გაგიჭირდება ეგრე ცხოვრება, ძმაო! - იღრიჭება უშნოდ.


- ახლა სად ხარ, რას აკეთებ? - ინსტინქტურად გამოვცერი.


- აბა შენა ხარ, რა! ისევ იქ-მეთქი, სამჯერ გითხარი უკვე. ცოტა „ამწიეს" კიდეც. აბა რა ვქნა, ძმაო, შვილები ერთი უკვე სტუდენტია, მეორე აბიტურიენტი, გზაზე ხო უნდა დავაყენო? გნახავ მერე და ვიბაზროთ, - ხელი დამიქნია და მანქანა ადგილს მოწყვიტა.


ავტობუსის გაჩერებისკენ გავიხედე. ის ჩემი მეორე ნაცნობი ავტობუსში ადიოდა თავის გოგონასთან ერთად. საფეხურზე შედგა, მოიხედა და ხელი დამიქნია. რაღაც ბარათი ეჭირა ხელში. ალბათ სოციალურად დაუცველებისთვის ავტობუსით უფასოდ გადასაადგილებელი პლასტიკური ბარათი. ავტობუსს შავმა დიდმა მანქანამ ჩაუქროლა. ამან თვალი გააყოლა. ეტყობა, იცნო საჭესთან მჯდომი. ბარათი მეორე ხელში გადაიტანა, თავი იმ შავი დიდი მანქანისკენ გადაიქნია და მარჯვენა ხელით ჰაერში ცერა თითი შემართა - რა კაი ტიპიაო!..

 

 

 

წყარო: bstv.ge, ბაკურ სვანიძე



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016