საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია მიიჩნევს, რომ 2016 წლის ბიუჯეტი დღევანდელ რეალობას ასახავს. რა ცვლილებები შედის ბიუჯეტში, რა გამოწვევებია მმართველი გუნდის წინაშე და რა გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, - ამის შესახებ „რეპორტიორს" ალექსანდრე ქანთარია ესაუბრა:
- ბიუჯეტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. განათლება კვლავ არის პრიორიტეტული, მაგრამ ბიუჯეტის მთავარი მიზანი ადამიანი და მისი სოციალური მდგომარეობაა. ასევე კულტურის დაფინანსების მხრივაც გარკვეული ცვლილებებია. რა თქმა უნდა, შეიძლება ყველას გვინდოდეს უფრო კარგი ბიუჯეტი, მაგრამ ის, რაც ახლა გვაქვს, გამომდინარეობს რეალური მდგომარეობიდან... დემოკრატიულ სამყაროს სერიოზული თავის ტკივილები აქვს იგივე „ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან. ამას დაემატა კიდევ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი და ეს ყველაფერი გარკვეულწილად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზეც და მის ბიუჯეტზეც. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა. ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს საშიში მონაკვეთი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი რეალობას ასახავს.
- რას იტყვით იმ 450 მილიონზე, რომელიც თქვენი ოპონენტების განცხადებებით, მაღალჩინოსნების კომფორტს ხმარდება?
- აცხადებენ, თითქოს ბიუჯეტი შექმნილია ჩვენი ფუფუნებისთვის. არაფერ მსგავსს ადგილი არ აქვს! იცით, რომ საარჩევნო წელია, არჩევნებს სჭირდება ადმინისტრაციული თანხები და ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს ბიუჯეტზე.
მთავარია, პენსიების ზრდა მოხერხდა 20 ლარით. მერწმუნეთ - პენსიების 50 ლარით ზრდის მოთხოვნა არარეალურია!
- რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ ვითარებაზეც გკითხავთ... მით უფრო, ტერორიზმთან დაკავშირებჰითაც დაიძაბა ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა...
- ერთი წამით წარმოვიდგინოთ, ახლა რომ წინა ხელისუფლება იყოს სათავეში... დააყენებდნენ განცხადებების ბუღს და საჩუქრად ერთ-ორ რაკეტას აუცილებლად მივიღებდით. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი განცხადებებისგან. ეს არ ნიშნავს, რომ დავიმალოთ, თითქოს საერთოდ არ ვართ ამ ქვეყანაზე, მაგრამ, ძალიან გონივრული განცხადებები და გადაწყვეტილებებია საჭირო ამ საკითხთან მიმართებაში. უნდა ვიმოქმედოთ დინჯად და მშვიდად. ეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საზიანოა. თურქეთი ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და მათი ასეთი მკვეთრი დაპირისპირება თუ გადაიზარდა სამხედრო დაპირისპირებაში, კარგს არაფერს მოგვიტანს. ყველამ ერთად უნდა დავაფასოთ ის სამშვიდობო მდგომარეობა და სტაბილურობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ვფიქრობ, ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა! რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეებს... ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ტერორიზმთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. პანკისში პრობლემები ადრეც იყო, მაგრამ ტერორისტული საფრთხეების წინაშე აქამდე არ ვმდგარვართ. ახლა უკვე ეს პრობლემა სერიოზულად შეინიშნება. ვფიქრობ, პრევენციული ღონისძიებები საჭიროა! აქ საქმე გვაქვს რელიგიურ ფანატიზმთან, სადაც საჭიროა, უფრო მასობრივი შეტევები დაიწყოს, არა მხოლოდ უსაფრთხოების და სამართალდამცავების მხრიდან, არამედ ამაში უნდა ჩაერთოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები და არასამთავრობო ორგანიზაციები. უნდა გატარდეს ერთიანი ღონისძიებები. ნუ დაგვავიწყდება, რომ საარჩევნო წელია ახლა... ყველაზე პრობლემატური არის ახალი საარჩევნო კანონი.
რაც შეეხება სიებს... ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. არც ისაა ძალიან მნიშვნელოვანი, ვიქნები თუ არა საარჩევნო სიაში. თუ საჭიროდ ჩავთვლი მეც და კოალიციაც მიიჩნევს, რომ ჩემი კანდიდატურა საჭიროა, ასეთ შემთხვევაში სიაში ვიქნები.
სხვათაშორის, სულ ვამბობ, რომ ნაწილობრივ აუცილებელიცაა სიების განახლება. მთავარია მეტი კვალიფიკაცია. უნდა იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც სერიოზულად იქნებიან შეყვარებულები თავის ქვეყანაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა პროფესიონალიზმთან ერთად. განახლება აუცილებლად მოხდება და ეს უნდა იყოს სერიოზულად თვალშისაცემი.