საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე „მწვანეთა პარტიის" მიერ „საარჩევნო კოდექსში" ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში დარჩენილი კონსტიტუციასთან შეუსაბამო მუხლების შესწორებას ემსახურება. კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში რეგიტრაციის მიზნით, 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება აღარ მოუწევს პარტიას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, მაგრამ რომლის წევრიც დეპუტატია.
ამ და პოლიტიკურად აქტუალურ სხვა საკითხებზე „რეპორტიორს" გიორგი გაჩეჩილაძე ესაუბრა:
- გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი და მხარი დაუჭირა მას. ჩვენ გავითვალისწინეთ ბატონი ვახტანგ ხმალაძის შენიშვნები და მანაც დაუჭირა მხარი კანონპროექტს. ეს გახლავთ „მწვანეთა პარტიის" ინიციატივა, რომელიც ეხება პარტიების რეგისტრაციის საკითხის მოგვარებას საარჩევნო კოდექსში. საქმე იმაში გახლავთ, რომ საარჩევნო კოდექსში არსებული 113-ე და 142-ე მუხლები შესაბამისობაში არ მოდის კონსტიტუციის 50-ე მუხლთან. კონსტიტუციის 50-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ პარტიას თუ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, მას რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვება არ სჭირდება. ხოლო საარჩევნო კოდექსში ამასთან დაკავშირებით შეზღუდვებია და ისეთ პარტიებს, როგორიც „მწვანეთა პარტიაა" და რამდენიმე ასეთია წარმოდგენილი პარლამენტში, მაინც სჭირდებათ 25 000 ხელმოწერის მოგროვება რეგისტრაციისთვის.
გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, ახლა პარლამენტის სხდომაზე გავა პირველი მოსმენით და იმედი მაქვს, რომ პარლამენტიც მხარს დაუჭერს. ორგანული კანონია, მაღალი კვორუმი სჭირდება, 76 ხმა. ეს საკითხი დიდი ხანია მოსაგვარებელი გახლავთ. 2016 წლის არჩევნები საკმაოდ სერიოზული არჩევნები იქნება და ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს დავუტოვოთ ეჭვი, რომ დარჩენილია არაკონსტიტუციური ან კონსტიტუციასთან შეუსაბამო მუხლები.
- საარჩევნო ოლქების გადანაწილებაზე რას იტყვით?
- საკმაოდ პრობლემატური საკითხია, თუმცა, გასაკეთებელი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამომრჩეველთა ხმები თანაბარი უნდა იყოს. ბუნებრივია, არ შეიძლება, რომ ათასმა და ასი ათასმა კაცმა თითო მაჟორიტარი აირჩიოს. ეს უნდა გათანაბრდეს, მაგრამ პრობლემაა საზღვრების საკითხი, სოფლების მიერთება, რაიონების დაშლა. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
- ტერორიზმის საფრთხეებზეც გკითხავთ. რა საფრთხეები არსებობს საქართველოს წინაშე ამ მიმართულებით და რამდენად ართმევს თავს ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს?
- ტერორიზმი ჯერჯერობით საქართველოს ნაკლებად ეხება, მაგრამ პროფილაქტიკური სამუშაოები მაინც მიმდინარეობს. ქართველებს ახასიათებთ თავის გამოჩენისკენ სწრაფვა და ის წვეროსანი ქართველები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოში" არიან მოხვედრილები, ცდილობენ, თავი გამოიჩინონ და ამიტომ ემუქრებიან საქართველოს. სწორად იქცევა ხელისუფლება, რომ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ატარებს.
რეგიონში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. შესაძლოა ითქვას, რომ მესამე მსოფლიო ომი ფარულად უკვე მიმდინარეობს, რომელიც ჯერ ძალიან ცხელ ფაზაში არაა გადასული. ჩართულია ყველა მსხვილი მოთამაშე. აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილია 65-ქვეყნიანი ალიანსი, რომელიც სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის. აქეთ არის ირანისა და რუსეთის დროებითი ალიანსი, რომელიც ცდილობს, რომ თავისი პოზიციები გაიმაგროს ამ რეგიონში. თუმცა, რუსეთს ძალიან გაუჭირდება, რადგან დასავლეთის სახით ძალიან დიდ ძალასთან აქვს საქმე. ფაქტობრივად, მარტოა რუსეთი. მოგეხსენებათ, ირანს ევროპასთან დაკავშირებით თავისი ინტერესები აქვს. როგორც კი ირანს დასავლეთი შესთავაზებს სანქციების მოხსნას, ირანი აღმოჩნდება დასავლეთის კოალიციაში და რუსეთი ამ პროცესებთან დარჩება მარტო. რუსეთის პოზიციები ძალიან მძიმეა.
- დაამძიმა თუ არა რუსეთის ვითარება თურქეთის მხრიდან რუსული „სუ-24"-ის ჩამოგდებამ?
- რა თქმა უნდა, რუსეთის ვითარება დამძიმდა თურქეთის მხრიდან მისი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. მოგეხსენებათ, ამას მოჰყვა ძალიან საინტერესო პროცესი. ევროპამ „ჩაიხუტა" თურქეთი და სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია შესთავაზა მას. რაც მთავარია, შეიძლება ოქტომბრიდან თურქეთს მიეცეს უვიზო რეჟიმი ევროპასთან. ყველაზე დიდი მიღწევა ამ შემთხვევაში, თუ ეს რეალურია, თურქეთისთვის არის ის ფაქტი, რომ თავიდან იწყება მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. თურქეთმა ბევრი მოიგო და რუსეთმა ბევრი წააგო ამ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად. ის ბუშტი, რომელიც რუსეთში გაბერა პუტინმა დიდი იმპერიის შექმნისა და უძლეველობის შესახებ, თურქეთმა დაჩუტა. რუსეთმა შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები ვერ გადადგა.
რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციები თურქეთის მისამართით, ცოტა უცნაურია. თურქეთ-რუსეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებითი მოცულობა გახლავთ 31-32 მილიარდი დოლარი. აქედან, დაახლოებით 26 მილიარდის საქონელი შეაქვს რუსეთს თურქეთში და დანარჩენი 5-6 მილიარდის საქონელი შეაქვს თურქეთს რუსეთში. გამოდის, რომ ამ პროცესის შეჩერების შემთხვევაში, ისევ რუსეთი აღმოჩნდება წაგებული. პუტინი ჩიხშია მომწყვდეული და უკან ვერ იხევს.
აქვე თურქეთი რუსეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვით დაემუქრა, რაც რუსეთისთვის კატასტროფით დამთავრდება. მეორე საშინელება რუსეთისთვის გახლავთ ის ფაქტი, რომ თურქეთში შეტანილი საქონლის უდიდესი ნაწილი გახლავთ ნავთობი და გაზი. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის უარს იტყვის რუსეთის გაზზე, ყატარში იყიდის გათხევადებულ გაზს და ამით მოამარაგებს თურქეთს ტერიტორიას. ამიტომ, ამ ყველაფერმა რუსეთი ჩააგდო უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე აქამდე იყო.
- როგორ აისახება რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე პროცესები საქართველოზე?
- ახლა მთავარია, ეს დაძაბულობა არ გადაიზარდოს რუსეთ-თურქეთის ომში. მგონი, ამას დასავლეთი არ დაუშვებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. როგორც ყოველთვის, ისტორიულად, ორი გიგანტი რომ ერთმანეთს ეჭიდავება, ჩვენ ვიჭყლიტებით. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ახლაც ასე არ მოხდეს.
მოგეხსენებათ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტერიტორიები დავკარგეთ. რუსეთმა ფაქტობრივად აჩუქა თურქეთს საქართველოს ტერიტორიები. მათი გარიგება მოხდა ჩვენს ხარჯზე. ასეთი რამ შეიძლება კიდევ მოხდეს, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ.
- საქართველო-NATO-ს შორის არსებულ ურთიერთობასა და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებზე ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით რას ფიქრობთ?
- მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანების საკითხი ძალიან სასიხარულოა. ფაქტობრივად, 6 წელია რაც NATO-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იყო. როგორც ჩანს, რუსეთთან მიმართებაში არსებულმა დაძაბულობამ და სირიაში არსებულმა საფრთხეებმა დააჩქარა პროცესები. NATO სარგებლობს ამ მომენტით. რუსეთს ახლა არაფრისთვის სცალია. იგი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენით არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, გაფართოების პროცესი კვლავ განახლდა. რუსეთს ამ ფაქტზე ძალიან სუსტი რეაქცია ჰქონდა.
რაც შეეხება საქართველოს, ტრადიციულად იგივე დამოკიდებულებაა. ჩვენ ვრჩებით ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყნად, რომელსაც ალიანსში გაწევრიანების შანსები აქვს. თუმცა, ეს ძალიან რთული საკითხია და ნურავინ იქნება ილუზიებში. რადგან, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ" სერიოზული ზიანი მოგვაყენა საერთაშორისო ურთიერთობებში და განსაკუთრებით NATO-სთან ურთიერთობებში. მოგეხსენებათ NATO არის არამარტო სამხედრო ბლოკი, ის პოლიტიკური ორგანზაციაა და თავისი მოთხოვნები გააჩნია ყველა ქვეყნის მიმართ. ეს მოთხოვნები არის დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს ევროკავშირს, დემოკრატიასთან, მედიის თავისუფლებასთან და ა.შ. საკითხებზე. მაგრამ, სამხედრო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, სააკაშვილმა საქართველოს მიაყენა უზარმაზარი დარტყმა. რადგან, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მოახერხა და საქართველოს ტერიტორიაზე აღადგინა სამხედრო ბაზები. ეს არის ორი სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში და ორი სამხედრო ბაზა აფხაზეთში. ეს საქრათველოს ტერიტორიებია. მოგეხსენებათ, რომ NATO-ს ძალიან გაუჭირდება სამხედრო ინტეგრაცია თავის ბლოკში ისეთი ქვეყნისა, რომელზეც მისი მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზებია განლაგებული. ამიტომ ეს რთული საკითხია. ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილი იყო რუსეთის აგენტი და მისმა ქმედებებმა ეს დაამტკიცა.
NATO თუ ძალიან დაინტერესებულია თავის სამხედრო ბლოკში საქართველოს შეყვანით, ის იზრუნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ესეც ერთ-ერთი პლუსია ამ პროცესისა.
NATO-სთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანების საკითხი ცოტა პრობლემატურია, საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია. NATO ხელს გვიწყობს ჩვენი სამხედრო ძალებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. მეორე მხრივ, ჩვენი შენაერთები სხვადასხვა მისიებში მონაწილეობენ და იქ იწვრთნებიან ჩვენი ჯარისკაცები, რეალურ სიტუაციაში. მესამე მხრივ, NATO-სთან ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ ვიღებთ სერიოზულ მატერიალურ დახმარებას. ამიტომ, საქართველოსთვის NATO-სთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, თუ როგორია უშუალოდ გაწევრიანების პერსპექტივა, ძალიან მომგებიანია.