reportiori.ge - წლების წინ „დისიდენტ პოეტად“ წოდებული, ახლა ემიგრაციაში მყოფი ზურაბ რთველიაშვილის განვლილი გზა და წარმატებები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:00
ინტერვიუ
წლების წინ „დისიდენტ პოეტად“ წოდებული, ახლა ემიგრაციაში მყოფი ზურაბ რთველიაშვილის განვლილი გზა და წარმატებები...
07 დეკემბერი, 2015. 17:52



„უფრო მეტი დადებითი რომ მქონდეს გასახსენებელი, ალბათ, ახლა ამ ინტერვიუს დროს შენს პირისპირ ვიჯდებოდი"... - ზურაბ რთველიაშვილი.

 

უკვე მეექვსე წელია შვედეთში, სტოკჰოლმში ცხოვრობს. საქართველო როგორც პოლიტიკურმა დევნილმა დატოვა. „დისიდენტი პოეტის" სტატუსი მიენიჭა. დღეს დიდი მიღწევები აქვს არამარტო შვედეთში... არტისტი და პოეტი ზურაბ რთველიაშვილი „რეპორტიორს" თავის შემოქმედებაზე, განვლილ რეპრესიებსა და დღევანდელ წარმატებულ საქმიანობაზე სტოკჰოლმიდან ესაუბრა.


- 9-10 წლის ასაკში უკვე პატარ-პატარა სახალისო ლექსებს ვწერდი. ალბათ, ინსპირაციაც ყველაფერი მხატვრულ კითხვას უნდა დავაბრალოთ, საბავშვო ავტორებსაც არ გამოვრიცხავ, ჩუკოვსკი, მარშაკი და სხვა საბავშვო ლიტერატურა... რაზეც ჩემი თაობის დიდი ნაწილი გაიზარდა. ჩემს შემთხვევაში მარტოობის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა, საბავშვო ბაღს ვერ ვეგუებოდი და სახლში მარტო დარჩენა მერჩივნა. ამ დროს საკუთარ ისტორიებს ვთხზავდი, ხშირ შემთხვევაში ამ ნახევრად ზღაპრული ამბების გმირები ეზოს ძაღლები და კატები იყვნენ, სხვა ცხოველები... მაგალითად, მგლები რომლებთანაც ნამდვილად არ მქონია პირდაპირი შეხება, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებით მიზიდავდნენ მისტიკური ბუნების ცხოველები. ლექსების წერა უფრო მოგვიანებით დავიწყე ...


- როგორ შედგა საზოგადოებაში თქვენი დებიუტი?

 

- დებიუტი დაახლოებით, 1989-90 წლებში შედგა. იყო ასეთი იმ დროისთვის ცნობილი ორგანიზაცია „ლიტერატურის რესპუბლიკური ცენტრი", რომელმაც თავის გარშემო ბევრი ახალგაზრდა ავტორი შემოიკრიბა. ცენტრის დამფუძნებლის და დირექტორის სოსო მაჭარაშვილის თაოსნობით, ბევრი პოეტური საღამო და სხვა ლიტერატურული ღონისძიება ეწყობოდა, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული.


 არაერთი ღონისძიება დადგმულა ჩემს სახლში. ჩემს შტაბ-ბინაში დაიგეგმა ГКЧП ანუ გასტრონომია+კულინარტი+ჩიჩერინი+პოეზია... თუმცა ეს გადატრიალება პოლიტიკური ГКЧП-გან განსხვავებით, უსისხლო და არტისტული იყო. ამ აქციაზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო „გადავაქციოთ გასტრონომები პოეტურ ესტრადებად".


მახსენდება ასევე არანაკლებ გახმაურებული აქცია, რომელიც ქარვასლაში გაიმართა, დადა-მეფე-პრეზიდენტის არჩევნები, სადაც დადა გვირგვინისთვის ბრძოლაში გამარჯვება მხვდა წილად. ეს იყო სრულებით ლეგიტიმური დადა გამარჯვება, რომლის მოპოვებაც გიგანტური ზომის დადა-ავტომატის გარეშე ვერ მოხერხდებოდა... ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიის გახსენება შეიძლება, მაგრამ ალბათ ეს ფორმატი არ ეყოფა ამ საქმეს... გპირდებით, ოდესმე აუცილებლად ჩავუჯდები ამ საოცარ მოგონებებს და ერთ პატარა წიგნში მოვუყრი თავს ...


- ამის მერე იყოს ის ცნობილი მანიფესტები, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი თქვენ იყავით (ვგულისხმობ წინა ხელისუფლების დროს), სადაც თქვენი პოეზიითა და არტისტული გამოსვლებით გამოირჩეოდით... თუმცა, როგორც პოლიტიკურმა დევნილმა, საქართველო დატოვეთ. გიწოდეს „სიმართლისთვის დევნილი პოეტი", „დისიდენტი პოეტი"...  

 

- ბევრი რამ მოხდა, ცუდიც და კარგიც... „ვარდების რევოლუციის" სახელით ცნობილ მოვლენებს ნამდვილად არ უკავიათ უკანასკნელი ადგილი ჩემი და არამარტო ჩემი თაობის ცხოვრებაში. ეს იყო უზარმაზარი იმედგაცრუება, ხავერდოვან რევოლუციას ვარდჯვაროსნული ტერორი მოჰყვა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ და დაკანონებულ ნულოვან ტოლერანტობას, მთელ საქართველოში სიკვდილის ბრიგადების თარეში მოჰყვა. ადამიანებს იტაცებდნენ, აწამებდნენ და სიცოცხლეს უსწრაფებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გარეწარს და მაღალჩინოსნის მეუღლეს არ მოეჩვენა სხვა ადამიანის პოზიცია მის მიმართ მისაღები და კორექტული.


- დღეს ემიგრაციაში მყოფი, როგორ შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, რა განსხვავებაა წინა და დღევანდელი ხელისუფლების მმართველობაში?

 

- ჩემთვის რთულია დღეს რამე კონკრეტული შეფასების გაკეთება, როდესაც უშუალოდ არ მაქვს შეხება იმ სინამდვილესთან, რაშიც უხდებათ ცხოვრება ჩემს თანამემამულეებს. თუმცა, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ფერნაცვალი „ნაცმოცი" ახლაც კომფორტულად გრძნობს თავს. ადამიანებს, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გვდევნიდნენ მე და ჩემს უახლოეს ადამიანებს, დღესაც საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ. იმის სანაცვლოდ, რომ მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი სასამართლოსა და საზოგადოების წინაშე. ეს ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, დღეს პარლამენტში არ არის წარმოდგენილი ოპოზიციური ფრთა, რაც არანაკლებ საშიშ ვითარებაში აგდებს ქვეყანას, ვიდრე არასწორი საკადრო პოლიტიკა. თუ რევანშისტი „ნაციონალები" ვინმეს ოპოზიციურ ძალად მიაჩნია, ის ან თავს იტყუებს, ან ცდილობს, ფართო საზოგადოება მოატყუოს.  ქვეყანას სჭირდება სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე მიმართული ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი მოქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობაზე რეალურად იზრუნებს.


ინტერნეტ-ინფორმაციის სიუხვის მიუხედავად, ემიგრაციაში მაინც ბევრი რამ არ ჩანს მკაფიოდ... თუმცა, სხვა სახის დაკვირვებიდან გამომდინარე, ერთი რამ დავასკვენი, ევროპაში არალეგალურად გამოხიზნულ ქართველთა რიცხვი ნამდვილად არ კლებულობს. ადრე ადამიანი ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად სახელმწიფო ძალადობასაც გაურბოდა, დღეს ძირითადად, ქვეყანას ტოვებს იმიტომ, რომ საკუთარი ოჯახისთვის ელემენტარული გასტრონომიული პრობლემა გადაწყვიტოს... ამიტომ ვამბობ, საჭიროა, პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდნენ ევროპული ტიპის სოციალური პრობლემების დაძლევაზე მოტივირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში.


- ახლა შვედეთში თქვენს შემოქმედებით მოღვაწეობაზე რომ გვესაუბროთ... გეტებორგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდით, სხვა საერთაშორისო ფესტივალებზეც... როგორ მიხვედით ამ წარმატებამდე?

 

 

- ჩემი პირველი არტისტული დებიუტი შვედეთში გეტებორგის წიგნების საერთაშორისო ფესტივალს უკავშირდება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. თუ ხელთ საფესტივალო რუკა არ მოიმარჯვე, დიდი შანსია, ამ წიგნების უშველებელ ქალაქში ჩაიკარგო. იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ათიათასობით დამთვალიერებელი ირევა.


ოთხჯერ ვიყავი მიწვეული, მეოთხედ ვეღარ მოვახერხე ამ ლამაზ ქალაქში ჩასვლა. რადგან სხვა საერთშორისო ფესტივალზე მქონდა მიწვევა, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქალაქ უფსალაში,  ORDSPRAK ასე ჰქვია ამ ფესტივალს, რომელიც ყველაზე დიდი პოეტური ფესტივალია ჩრდილოეთ ევროპაში.


ასევე ხშირად ვსტუმრობ მალმეს და დანიაში კოპენჰაგენის საერთაშორისო ფესტივალებს. ოსლოში და ჰელსინკში პერფორმანსები არაერთხელ მომიწყვია, რამდენჯერმე თეატრ „GILJOTIN"-თან ერთადაც...


- როგორც ვიცი, გერმანულ ფილმშიც გადაგიღეს, რას ეხებოდა ფილმი და როგორ მიგიწვიეს?

 

- პირველად გერმანელმა რეჟისორმა ჯულიან რადლმაიერმა 2011 წელს მიმიწვია თავის მხატვრულ ფილმში „მოლანდება ევროპაში", სადაც მთავარი როლი შევასრულე. გასული საუკუნის დასაწყისის მეამბოხე პოეტის სული, რომელიც თანამედროვე დროში, ბერლინში მოხვდება და ცდილობს, ერთ ახალგაზრდას თავის დამკვიდრებაში დაეხმაროს. „მოლანდება ევროპაში" 2013 წელს გერმანელმა კინოკრიტიკოსებმა „წლის საუკეთესო ალტერნატიული ჟანრის ფილმად" აღიარეს.


- დღესაც მრავალი მიწვევა გაქვთ... დღევანდელ თქვენს მიღწევებსა და საქმიანობაზე გვიამბეთ...

 

- წელს იმავე რეჟისორის ახალ ფილმში ვითამაშე, რომლის სახელწოდებაც ჯერ არ არის დაზუსტებული.


 ეს ფილმი პირველის მსგავსია ხელწერით, აქ ცოტა არ იყოს უცნაურ პერსონაჟს განვასახიერებ, რომელიც ისტორიის დასაწყისში ცდილობს გამდიდრდეს, რისთვისაც ათასგვარ ავანტიურას მიმართავს. ფინალისკენ რევოლუციონერიც კი ხდება. ამჯერად ამ ფილმზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი... ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, რომ ფილმი მრავალ ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს ჯულიანის სხვა ფილმების მსგავსად...


გარდა ამისა, წელს შვედურმა გამომცემლობა „SMOCKADOLL"-მა ჩემი პოეზიის კრებული შვედურად გამოსცა, სახელწოდებით „პოეზიის დიქტატურა", რომელსაც შვედურ პრესაში ბევრი კარგი რეცენზია მოჰყვა.


ჩემი ლექსები მრავალი შვედური პოეზიის ანთოლოგიაშია შეტანილი. დეკემბერში მეექვსე ანთოლოგია გამოვა, რომლის პრეზენტაციაზეც უფსალის უნივერსიტეტში გამოვალ.


ამჟამად ცნობილ ავანგარდულ თეატრ „GILJOTIN"-ში ვმუშაობ. წელს დავდგი ჩემი პერფორმანსი „PASS PORT". ეს არის ექპერიმენტული დადგმა, სადაც გამოყენებულია: საუნდ-პოეზიის, ნიუდენსის, ვიზუალური პოეზიის ელემენტები... მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თამაში სიტყვისა და ბგერის, მოძრაობისა და ფერის და სხვა ვიბრაციების ზღვარზე...


რაც შეეხება ლიტერატურას, დავასრულე ერთი წიგნის პროექტი და უკვე ახალზე მუშაობა დავიწყე, რადგან მასალები საკმაოდ დამიგროვდა...


 

 

ტირანასტანი


გადამატარე ზაფხული!

გადამატარე გაზაფხული!

გადამატარე ტანზე

ტანკივით

ტანზე გადამატარე!

მე საწოლი ვარ -

ეს მწერალი წევს ჩემს გულმკერდზე -

ვაწვდი სიგარეტს რომ მოწიოს

წერის პროცესში -

ხან ტერმიტივით ვანადგურებ ფურცელს-ფურცელზე!

ხან მცირე ბიძგით ვაძლიერებ საკვანძო ტერმინს...

მე სასწორი ვარ!

ყველა მწერის, ყველა პოეტის -

მრავალი წელი როგორც ამწე

მაღლა ვწევ სტროფებს.

თამბაქოს ვაწვდი ჩემს სხეულზე

გაშლილ პოეტებს,

რომ თაბახ თაბახ

სართულები

აღმართონ

ტექსტის.

მას - ვინც ვერ დასთმო პოეტისტანი,

მას - ვინც ვერ დასთმო ტირანასტანი,

მას - ვინც ვერ დასთმო ტირანისტანი,

მას - ვინც ვერ დასთმო ავღანისტანი,

მას - ვინც ვერ დასთმო ტაჯიკისტანი

მას - ვინც ვერ დასთმო თბილისისტანი

გადაატარე ზაფხული!

გადაატარე გაზაფხული!

გადაატარე ტანზე!

ტანკივით -

ტანზე გადაატარე!




დალაქიდალამა


მათ ღამის დალაქს

უბრძანეს

დილით

და

სამართებელს უჩვენეს ლოყა,

იყოს ფოლადი მძიმე და გრილი,

წამში გაპარსავს ცხელ თავებს

მოკლედ.

მათ ღამის დალაქს

შეჰკივლეს ნაზად,

კეფიდან მზემდე აიღეს

გეზი...

დალაქი უმზერს გაპარსულ

ქალაქს

უმზერს და ტკბება

მელოტი ხედით...



მათი ნებაა...



მათ უფლება აქვთ დაიბადონ სიკვდილზე ადრე,

რომ ფეხაკრეფით სიმღერაზე გავარდნენ ქარში.

მათ უფლება აქვთ დაბალ ხმაზე იცეკვონ ღამე,

„იცეკვონ ფრთხილად" მთელი დილა, მათი ნებაა...


მათი საქმეა, როგორ მოკლან უფასოდ გრძნობა,

თუ არ იძლევა უსაფუძვლოდ ალერსის ნებას.

მათ უფლება აქვთ გაამრავლონ ახალი მოდგმა,

ცვითონ ტერფები გატაცებით, მათი ნებაა...


მათი საქმეა ააშენონ მაღალი სახლი,

ვიწრო კარები ჩამოკიდონ მძიმე კედელზე -

მათი ნებაა ჩუმად ერქვათ რჩეული ხალხი,

გაჭრან არხები გადაკეტონ ყველა საზღვარი.


მათი სურვილი ნათელია - იარონ სწრაფად,

ათრიონ ბარგი, ვიდრე გზები არ დამთავრდება.

მათ უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ კარგად,

და მშვიდად მოკვდნენ მომავლისთვის, მათი ნებაა...




ისინი


ისინი შემოვარდებიან და გაგიტანენ ბურთს

ცარიელ კარში, მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად

მოელი ამას...

ისინი შემოვარდებიან კივილით და თმების ფრიალით,

რომ გაგრძნობინონ საკუთარი თავისუფლება და

მისი მოპოვების უმნიშვნელო ფასი.

ისინი ყოველთვის მზად არიან

უპასუხოდ დაგიტოვონ ყველა შეკითხვა.

„შენ გაიმარჯვე", ისინი გეტყვიან მშვიდად და

სწრაფად გაგიტანენ მომდევნო ბურთს

წარმოსახვის ცარიელ კარში....




Status quo ante bellum...* 


უწინდელ სტატუსს დაჰკარგავენ პლანეტები...

როგორც გაცვეთილი ქაღალდის ვალუტა,

როგორც მონეტა ჩამოსხმული სპილენძისგან -

დე იყოს მჩატე სახება და სახელი მათი...


სტატუსქვოს ჰკარგავენ მარადიული ქალაქები,

როგორც პარტიული მეგობარი-ამხანაგები

ეთხოვებიან კეთოლშობილ რეპუტაციას,

დე იყოს რწფელი სახება და სახელი მათი...


პირვანდელ იერს დაჰკარგავენ ჩვენი სახლები,

როცა ავახელთ სისხამ დილით თვალს განახლებულს,

წაგვიკითხავენ უსასრულოდ ლოცვას ქარხნები,

დე იყოს წმინდა და ნეტარი გუ-გუ-ნი მათი...


ზომას და მანძილს განკარგავენ მტვრიანი გზები,

როგორც თევზები ქალწულობას დასთმობენ ზღვაში_

დიდების ზღვარზე ჩამოშლიან ტალღები ჯებირს

დე იყოს ლაღი და მძვინვარე გალობა მათი...


ამა_ღამ, თბილისიდან - ჯა-ლა-ლა-ბადამდე!

ამა_ღამ, ბაღ-და-დი-დან - თბილისამდე!

ჯორჯ დაბლუ ბუშის გამზირის გავლით -

კარგავენ სტატუსს გან-წირული ჯარისკაცები,

დე იყოს მშვიდი და ნეტარი სახელი მათი...



ჩქამი


ოქროს ქარია სიჩუმეში
ოქროს ქარია,
ვამბობ ამ სახლში მიხარია
მქონდეს სურვილი -
არ ვეთამაშო ოქროს წყალში
მინარევ ქროლვას,
მქონდეს სურვილი ვაქციო ოქროდ
ქარი და წყალი,
ვაქსოვდე ოქროს სიმსუბუქით
უკვალო გზებზე,
ხშირ და გაუვალ ოქროს გზებზე
მქონდეს სურვილი.
ოქროს ქარია სიჩუმეში
ოქროს ქარია,
ვამბობ ამ ქარში მიხარია
მქონდეს სურვილი
არ გავიარო ოქროს სხივით
გაკვეთილ გზებზე -
მკლავდეს სურვილი,
ვერ შევავსო ოქროს სიჩუმე....



ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას 


მაქე და მერიდე!

მოამზადე ჩემთვის კუთვნილი

ბრინჯი და ხორბალი,

ველიდან ველამდე - ველიდან ველამდე

სადაც ცელები ცეცხლს აქრობენ

ოქროს თავთავში

მაქედან მერიდე!

როცა ქარები მივარცხნიან

თმას მღელვარებით,

მაქედან მერიდე!

ალესე ცელი და იმეორე

ათი სტრიქონო ჩემი ლექსიდან,

მაქედან მერიდე!

წმინდა ხმაურში, წრფელ ხმაურში, უხმო ხმაურში,

ბევრი ხელი მაქვს ვინც მოითხოვს

სიტყვის უფლებას!

ველიდან ველამდე - ველიდან ველამდე

როცა ცელები ცეცხლს აქრობენ

ოქროს თავთავში -

მაქე და მერიდე!

მაქე და მერიდე!

მაქე და მერიდე!




აპოკრიფი



მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,

კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,

მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,

რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...


მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,

ავტოსტრადა ვარ უსასრულოდ ჯვარცმული გზების,

პოლიციელი რკინის ფარას ხელკეტით მწყემსავს,

ფარას, რომელიც სავსე არის რკინის მხეცებით....... ...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

ბუდა ვარ, შივა, შენი ძე ვარ, შენი სიმშვიდე,

გთხოვ ააცილო განსაცდელი ამ სხეულს წმინდას,

სხეულს, რომელსაც რკინისა აქვს ყველა ნეკნები.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

ქარხნების ხმაზე წაგიკითხავ აკრძალულ ლოცვებს,

სექტა ვარ დოლით! წმინდა სექტა და რწმენის

ლიფტით

ვმოძრაობ ფრთხილად უნეტარეს შენს

სართულებზე...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,

როგორც თეთრეულს, აღსარებას გაბარებ წმინდას,

რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...






- ერთერთი დაკავება საპროტესტო აქციის დროსთანასწორობის ინსტიტუტი" სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ

 

 

 

- პოეზიის დიქტატურის აქცია და კლიპი ახალგაზრდა პოეტებთან ერთად

 

 

 

- ჩემი აქცია პერფორმანსი " ბორში ევროპისთვის"

 

 

- სკანდინავიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი უფფსალაში

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016