reportiori.ge - დიმიტრი ხუნდაძე: პრემიერმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანაში პენსიები გაიზრდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
ინტერვიუ
დიმიტრი ხუნდაძე: პრემიერმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანაში პენსიები გაიზრდება!
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 18:26




ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტი სწორად არის გათვლილი. რა გამოწვევების წინაშეა 2016 წლის ბიუჯეტი და რა პრეტენზიები აქვთ ოპონენტებს მმართველი გუნდის მიმართ, - ამ და სხვა პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე „რეპორტიორს" დიმიტრი ხუნდაძე ესაუბრა.

 

- ბატონო დიმიტრი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი კვირის თანხაა დარჩენილი. მისი თქმით, დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველდღიური საკასო ხარჯი საშუალოდ 1,56 მლნ ლარია. დეკემბერში პროგრამას მინიმუმ 48 მლნ ლარი სჭირდება. ჭიაბერაშვილის თქმით კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ 12 მლნ ლარია დარჩენილი. რა პასუხს გასცემთ აღნიშნულ განცხადებას?

 

- ხშირად მიწევს ხოლმე ჭიაბერაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე პასუხის გაცემა. ერთი მინდა შევახსენო ჭიაბერაშვილს, კითხვების დასმა რომ იცის, პასუხის გაცემაც ისწავლოს. რამდენიმე დღის წინ მე მას დავუსვი მნიშვნელოვანი კითხვები სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით და უფრო მეტად მძიმე იყო კითხვა, რომელზე პასუხიც ისევ ვერ მივიღე. ეს კითხვა შეეხებოდა მისი მინისტრობის დროს ქვეყანაში კოდეინის შემცველი პრეპარატების უზომოდ დიდი ოდენობით შემოდინებას. მან ამაზე პასუხი ვერ გასცა. თუმცა, არა უშავს, დავანებოთ თავი ამას.


კიდევ ერთხელ დავამშვიდებ ჭიაბერაშვილს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ის, რომ ჭიაბერაშვილი მუდმივად ამ თემის გარშემო ტრიალებს, ეს არის მისი პოლიტიკური გუნდის დავალება, რომ აურზაური შეიტანოს ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში. ცდილობენ, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ამ პროგრამას ემუქრება რაიმე საფრთხე. ეს პროგრამა მუშაობს, იმუშავებს და შეასრულებს მთავარ ფუნქციას, დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა.


თქვენ იცით, რომ 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტი მიიღო პარლამენტმა, დაამტკიცა, შემდეგ გადაეგზავნა პრეზიდენტს, მოეწერება ხელი და გამოქვეყნდება. ასე რომ, ჭიაბერაშვილი დამშვიდდეს. გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას და დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას თავი.


- პრეზიდენტი ხელს როდის მოაწერს კორექტირებულ ბიუჯეტს?


- უახლოეს დღეებში მოაწერს პრეზიდენტი ხელს კორექტირებულ ბიუჯეტს.


- როგორ აფასებთ 2016 წლის ბიუჯეტს, რამდენად სწორად არის გათვლილი და გაწვდება თუ არა ყველა საჭირო ხარჯს?


- 2016 წლის ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინა ორჯერ და შევიტანეთ შესაბამისი შენიშვნები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ჰქონდა ჯანდაცვის კომიტეტს, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით. ამას თან ერთვოდა ჩემი განცხადებებიც, რომ 10-მილიარდიან ბიუჯეტში უნდა მოიძებნოს პენსიის გაზრდისათვის შესაბამისი თანხები. ეს შენიშვნა გათვალისწინებულია, პრემიერმა, როგორც ყოველთვის, მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანაში პენსიები გაიზრდება.


თუმცა, „ნაცმოძრაობის" განცხადება, რომ თითქოს 50 ლარით შეიძლებოდა პენსიის გაზრდა, არასერიოზულია. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. უმცირესობას არ აქვს პასუხისმგებლობა, არ ფიქრობენ, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა გაუთვლელმა და პოპულისტურმა განცხადებებმა. ეს არის საფრთხის შემცველი ქვეყნის ბიუჯეტისა და თითოეული პენსიონერისთვის.


- იმ 450 მილიონზე რას იტყვით, რომელიც თითქოს მაღალჩინოსნების ხელფასებზე გადანაწილდა?


- შევეცდები, გასაგებად აგიხსნათ, რაზე იხარჯება ეს თანხები.


113 მილიონი იხარჯება სამხედრო მოსამსახურეების, კონტრაქტორებისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებისთვის ხელფასების მოსამატებლად.


41 მილიონზე მეტით იზრდება სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომუშავეთა ხელფასები. ეს იყო თვითმმართველობის ვალდებულება რომელიც მათ მოეხსნათ და გადმოვიდა ცენტრალურ ბიუჯეტში.


ასევე პოლიციელების ხელფასები გაიზარდა. გაიზარდა პროკურატურის თანამშრომლებისა და მოსამართლეთა ხელფასები.


ასევე აღდგა წინა წლებში გაუქმებული ზედამხედველობის სამსახური. ეს ეხება გარემოს დაცვის სამინისტროს. სახელფასო განაკვეთში ჩაიდო დაახლოებით 14 მილიონი. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სატყეო სააგენტო დაბრუნდა სამინისტროს შემადგენლობაში და ესეც არის ამ სისტემის სწორი ადმინისტრირებისთვის.


სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ახალი ტექნოლოგიებისთვის საჭირო გახდა ახალი უწყებების დამატება და აქაც არ არის საუბარი მაღალჩინოსნების ხელფასებზე. საუბარია მომსახურე პერსონალის ხელფასებზე, იმ მომუშავე პერსონალზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის წარმატება.


კულტურის სამინისტროში სსიპ-ებისთვის ხელფასი გაიცემოდა სუბსიდიების სახით და დაფინანსება გადმოვიდა შრომის ანაზღაურების მუხლში.


ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. ვთქვათ ინოვაციების სააგენტო, დაემატა ახალი სტრუქტურა, რომელიც ემსახურება ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.


გაიზარდა სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასები.


სასჯელაღსრულების სისტემაში გაიზარდა ხელფასები, მაგრამ - არა მაღალჩინოსნებზე!


პირდაპირ გეტყვით: შრომის ანაზღაურების ზრდა არ შეხებია უმაღლესი თანამდებობის პირებს!


- პენსიების ზრდას რაც შეეხება, ხომ არ არის ეს წინასაარჩევნოდ გადადგმული პიარსვლა?


- ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მეოთხედ იზრდება პენსია. ერთხელ რომ გაზრდილიყო წინასაარჩევნოდ, ბრალდება შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო. მაგრამ, როდესაც პენსია იზრდება მეოთხედ, ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება არანაირ პიარს და წინასაარჩევნო კამპანიას.


მაგრამ, აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს პენსია მაინც არ არის საკმარისი. ეს არ არის პენსია, ეს არის შემწეობა. აუცილებლად უნდა გადავიდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. ეს იქნება მომგებიანი პენსიონერთათვისაც და ნაკლები რისკის შემცველი - სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაშიც. იცით, რომ პენსიონერთა რიცხვი არის მზარდი. ეს გამოიწვია ორმა გარემოებამ. ერთი გახლავთ საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში 8-10 ათასით მოიმატა პენსიონერთა რაოდენობამ. მეორე ფაქტორი გახლავთ ის გარემოება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იყო შობადობის პიკი და დღეს ეს ადამიანები ნელ-ნელა გადიან პენსიაზე. ეს არ არის ნეგატივი, ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური, პოლიტიკა უნდა იყოს ადეკვატური და არა პიარზე გათვლილი.


- ანუ, ბატონო დიმიტრი, თქვენ ადასტურებთ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სწორად არის გათვლილი...


- ვთქვი და ვიმეორებ: ბიუჯეტი არის სწორად გათვლილი! შევჩერდები ჯანდაცვის პროგრამაზე. აცხადებენ, რომ ეს არის დიდი და შეუსაბამო ტვირთი. ეს არ არის შეუსაბამობა, ეს არის დანახარჯი საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ასევე გეტყვით, რომ ჯანდაცვაზე ჩვენს ქვეყანაში იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2,1 %. არადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, სადაც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არის 6-7 % და ზოგჯერ 10-15 %-იც კი. ასე რომ, ჩვენ მინიმალური დანახარჯებით მივაღწიეთ მაქსიმუმს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაგვეზარდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, შობადობა არის გაზრდილი და აბორტების რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

 

- საარჩევნო წელი იწყება... „ქართული ოცნების" სიაში გიხილავთ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატად?

 

- ალბათ, ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას გავაგრძელებ.

 

- და რა მიმართულებით?

 

- ვფიქრობ, ისევ შევეცდები, მოვიპოვო მოსახლეობის მხარდაჭერა. ამიტომ, ავირჩევ უფრო პირდაპირ გზას, რომელიც არის დამოკიდებული ხალხის არჩევანზე. რა თქმა უნდა, ეს შეჯერებული იქნება ჩემს პოლიტიკურ გუნდთან. დიდი შანსია, რომ ისევ ვიყარო კენჭი ჩემს საარჩევნო ოლქში, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა. მაქვს იმედი, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას დავიმსახურებ.


- ტერორიზმის საფრთხეებზეც გკითხავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. რა საფრთხეები არსებობს საქართველოს წინაშე ამ მიმართულებით და რამდენად ართმევს თავს ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს?


- ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, გვარი და სახელი, ეროვნება, მრწამსი პოლიტიკური თუ რელიგიური. მნიშვნელოვანი წელია 2015 წელი. ის დაიწყო სავალუტო კრიზისით და სრულდება მძიმე პოლიტიკური დაძაბულობით. ვგულისხმობ თურქეთ-რუსეთის კონფლიქტურ სიტუაციას, რომელიც, ვფიქრობ, მძიმედ აისახება არა მხოლოდ რეგიონსა და საქართველოზე, არამედ ევროპაზეც. ეს არის სერიოზული ინციდენტი. ამიტომ, შექმნილ სიტუაციაში, ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებულ იქნას ყველა საშუალება კონფლიქტის დასასრულებლად. აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია ტერორიზმთან და იმ გამოწვევებთან ბრძოლა, რის წინაშეც ცივილიზებული სამყარო დგას. აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება და მნიშვნელოვანია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. მსოფლიომ უნდა შეძლოს ამ კონფლიქტის დასაწყისშივე მოგვარება, რათა უფრო ღრმა კრიზისში არ გადაიზარდოს.


რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უფლება არ გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკა ხისტად და სწორხაზოვნად ვაწარმოოთ. ხისტი პოლიტიკა ხშირად აზიანებს ჩვენზე უფრო დიდ და ძლიერ ქვეყნებსაც კი. რა თქმა უნდა, არჩევანი მყარად გვაქვს განსაზღვრული, რომ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. გვაქვს იმედი, რომ გავწევრიანდებით NATO-ში. ვფიქრობ, ეს სრულიად რეალური და შესაძლებელია. მაგრამ, ამისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური პოლიტიკის სწორად წარმართვა. ამისთვის აუცილებელია ძლიერი და ფრთხილი პოლიტიკის წარმოება.


დღეს საქართველო დგას მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინზე. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება რელიგიური ურთიერთობების მხრივ და ვფიქრობ, ეს გამოცდილება სასარგებლო იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, უნდა შევძლოთ, რომ პრობლემა ერთად მოვაგვაროთ. ვფიქრობ, მსოფლიო შეძლებს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით არსებული სტაბილურობა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016