"ფირი, რომელიც შსს-ს თანამშრომელმა გადაიღო, განადგურებას შემთხვევით გადაურჩა"
"მოწმე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჟვანიას დახვრეტის თვითმხილველი გახდა, ვანო მერაბიშვილთან იყო დაკავშირებული"
9 დეკემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 52 წლის უნდა გამხდარიყო... ამ დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ათი წლის განმავლობაში ეს არის პირველი დაბადების დღე, როცა გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია თამამად აცხადებს, რომ ზურას ბურუსით მოცული საქმე გაიხსნება... რა არის მთავარი სიახლე, რომელიც ჟვანიას საქმეში ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს და რატომ გზავნის ვანო მერაბიშვილი პროკურატურასთან ცრუ მოწმეებს? ამაზე გოგლა ჟვანია გვესაუბრა:
- უკვე მეათედ ვხვდებით ზურას დაბადების დღეს მის გარეშე... მჯერა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს სულ სხვაგვარ საქართველოში ვიცხოვრებდით...
- ისე გაიწელა საქმის გამოძიება, რომ საზოგადოების ნაწილს აღარც აქვს მისი გახსნის იმედი. იქნებ მართლაც სჯობია, სახელმწიფომ განაცხადოს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და საქმის გახსნა ვერ ხერხდება...
- მაგრამ გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, ძალიან საინტერესო დეტალები იკვეთება და საქმის გასახსნელად ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ველოდები, რომ ძალიან მალე სერიოზული ძვრები მოხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
- ესე იგი, პროკურატურას აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი?
- ცხადია... არის სიახლეები, რომლებზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი.
- ახალმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების მასალების გაყალბება საქმეს ძალიან ართულებს.
- "ართულებს" არ ნიშნავს, რომ საქმის გახსნას შეუძლებელს ხდის....
- თქვენ ესაუბრეთ შოთაძეს?
- დიახ, რამდენჯერმე შევხვდი. ის იცნობს საქმის დეტალებს. მეტიც, ამ ყველაფერს თვითონ კურირებდა... ადეკვატურად აფასებს პრობლემებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საქმე გაიხსნას. ეს ადამიანი ჩვენს ნდობას იმსახურებს. მე მის კანდიდატურას მხარი დავუჭირე.
- FBI-ს დასკვნაზე დაყრდნობით აღნიშნავდით, რომ იმ ავადსახსენებელ ოთახში მხუთავი აირის მხოლოდ ის რაოდენობა იყო, რაც, მაგალითად, გადატვირთული მოძრაობისას რუსთაველის გამზირზე... თუმცა, ეს დასკვნა წინააღმდეგობებით არის სავსე... საქმის გახსნისთვის ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს?
- დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. შეფასებით ნაწილში კი ორაზროვანი ფრაზებია. ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია - სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, CO სწორედ არასრული წვის პროდუქტია!
- საქმეში ახალი დეტალები მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებებს ხომ არ უკავშირდება?
- ცხადია, მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ. ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს. ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. ის გადაიღო შსს-ს ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს.
- და რა წერია ამ დასკვნაში?
- ის, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება.
- თქვენ იმ ფირზე საუბრობთ, რომელსაც "ნაციონალები" "ჰაკიმ ფაშას" ვიდეოს ეძახიან?
- არ მაინტერესებს, "ნაციონალები" ამ ფირს რას ეძახიან... საზოგადოება მხოლოდ ფირის ფრაგმენტს იცნობს. მხედველობაში მაქვს სრული ვიდეოჩანაწერი, ორიგინალი ვერსია, რომელიც უფრო ხარისხიანი და მრავლისმთქმელია.
- ცხედრის ექსჰუმაციის აუცილებლობის საკითხი განიხილება?
- ამ ეტაპზე ეს აუცილებელი არ არის, თუმცა, ექსჰუმაციამდე აუცილებლად მივალთ... მართალია, სისხლჩაქცევები უკვე ძნელად შესამჩნევი იქნება, მაგრამ რაღაც დაზიანებები შეიძლება გამოჩნდეს...
- ვიცი, რომ პროკურატურამ დაჰკითხა მოწმეები, რომლებიც ჟვანიას სიკვდილის განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობენ. ზოგი ავითარებს ვერსიას, რომ ბლაგვი საგნით არის მოკლული, ერთი მოწმე იმასაც ამბობს, რომ დაინახა, როგორ გაჩერდა ჟვანიას ავტომანქანა და გაიგონა გასროლის ხმა. რით ახსნით ასეთ წინააღმდეგობრივ ჩვენებებს?
- ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით: ხშირად ჩვენი ოპონენტების მიერ ცრუ ჩვენებების შემოგდება მიზანმიმართულად ხდება, რათა საქმის გამოძიება უფრო გართულდეს, გაჭიანურდეს და არასწორი მიმართულებით გაგრძელდეს. ერთ-ერთი მოწმე, ვინც ზურას დახვრეტის ვერსიაზე საუბრობდა, ვანო მერაბიშვილთან იყო დაკავშირებული და ეს გამოძიების პროცესში გაირკვა.
- ესე იგი, მერაბიშვილი გზავნის ცრუ მოწმეებს?
- მე ვამბობ, რომ ასეთი შემთხვევა ნამდვილად იყო. თუმცა, გარწმუნებთ, როცა ახალ გარემოებებზე ვსაუბრობ, ცრუ მოწმეთა ჩვენებებზე მყარი მტკიცებულებები მაქვს მხედველობაში. ვიმეორებ, ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი გარემოებებია, რომელთა გამჟღავნება გადატრიალებას მოახდენს. გამოძიება გრძელდება და ვფიქრობ, მალე დასრულდება! საზოგადოება ახალ ინფორმაციებს მალე მიიღებს და მის ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
წყარო: კვირის პალიტრა, ეკა ასათიანი