ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ დაკითხვისას ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ მკვლელობის ფაქტს ჰყავს მოწმე - ლაშას მეგობარი, რომელმაც თავად დაინახა, როგორ ესროლა ოქროპირიძემ მახარაძეს.
„ეს არის არჩილ დათუნიშვილი, რომელთან ერთადაც ლაშა იმ საღამოს იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე. ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ მეგობრის დაბადების დღეზე. დათუნიშვილი მკვლელობის შემდეგ ჩემთან არ მოსულა. ის სტრესში იყო, რადგან ჩემი შვილი ხელებში ჩააკვდა, თუმცა მან გადალახა სტრესი, აგვისტოში მოვიდა და დეტალურად მომიყვა ყველაფერი. როგორც ის ამბობს, ოქროპირიძე მანქანით მივიდა და ლაშას ვიღაცაზე ჰკითხა, სად არისო. ლაშამ უთხრა, მანქანიდან რატომ მელაპარაკებიო, რის შემდეგაც ოქროპირიძემ სამჯერ ესროლა. დათუნიშვილი იხსენებს, რომ ლაშა წაიქცა, მალე კი გაშავდა და მოკვდა", - აცხადებს დიდებულიძე.
მისი თქმით, პირი, რომელიც მკვლელობას შეესწრო, მისი გარდაცვლილი უფროსი შვილის მეგობარია.
„არჩილ დათუნიშვილი არის საშინელ მდგომარეობაში, რადგან ლაშას ვერ უშველა. მითხრა, რომ არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რომ სურს, ის გაათავისუფლონ, რათა ღორივით თვითონ დაკლას. მე მოვუწოდე, რომ არ მინდა ჩემი შვილის მეგობარი მკვლელ ოქროპირიძეს დაემსგავსოს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
პროკურორის განცხადებით, არჩილ დათუნიშვილი, რომელზეც მოკლულის დედა საუბრობს, გამოძიების პროცესში დაიკითხა, თუმცა, მას მსგავს დეტალებზე არ უსაუბრია.