სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა კომპანია „იუკოსის" ყოფილ უფროს მიხეილ ხოდორკოვსკიზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს.
მანამდე კი ხოდორკოვსკის ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობის საქმეზე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი. ამ მკვლელობის ორგანიზებისთვის 2006 წელს „იუკოსის" ეკონომიკური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს ალექსეი პიჩუგინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ხოდორკოვსკი ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.
გამოცემის ცნობით, გამორიცხული არ არის, რუსეთმა შესაბამის ორგანოებს მიმართოს „იუკოსის" ყოფილ უფროსზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით.
ხოროდკოვსკიზე ძებნის გამოცხადების საკითხის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 2013 წელს, როცა ვლადიმირ პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა, რუსეთის პრეზიდენტი არ იყო ინფორმირებული მის შესაძლო კავშირზე პეტუხოვის მკვლელობასთან.