მოწმე არჩილ დათუნაშვილმა არ დაადასტურა მოკლული ლაშა მახარაძის დედის ნინო დიდებულიძის ინფორმაცია, რომ იგი მახარაძის მკვლელობას შეესწრო.
დათუნაშვილი ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლომ დაჰკითხა. მისი ინფორმაციით, მკვლელობის ადგილიდან, იმ მომენტში, როდესაც მახარაძე მოკლეს, გასული იყო. მისი თქმით, მახარაძის მკვლელობის მომენტში იქვე ე.წ. ბესედკაში იმყოფებოდა და ორჯერ გასროლის ხმა გაიგო, თუმცა ასაფეთქებლის ხმა ეგონა.
პროკურორის დასმულ შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმ ფაქტს, რომ იგი აგვისტოში იმყოფებოდა მოკლულის დედასთან ნინო დიდებულიძესთან, დათუნაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა. ასევე პროკურორმა მოწმეს შეკითხვა დაუსვა, მამამისს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა, აქვს თუ არა „კანონიერი ქურდის" სტატუსი. მოწმემ არც ამ შეკითხვას უპასუხა.
ნინო დიდებულიძის განცხადებით, აგვისტოში მასთან დათუნაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც უთხრა, რომ მკვლელობის თვითმხილველია. დიდებულიძის თქმით, დათუნაშვილმა მას უთხრა, რომ დაინახა, როგორ ესროლა მახარაძეს გიორგი ოქროპირიძემ. ასევე მოკლულის დედამ აღნიშნა, რომ დათუნაშვილმა ისიც უთხრა, რომ მას მენტალობიდან გამომდინარე არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რადგან პირადად უნდა შურისძიება.
დათუნაშვილის გარდა, ბრალდების მხარემ დაჰკითხა კიდევ ერთი მოწმე, ლაშა მახარაძის მეგობარი ლაშა ვაშაკიძე, რომლის ავტომობილითაც ლაშა მახარაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.