„პოლიტიკაში მოსვლა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას აქ, საქართველოში ვაპირებ!" - ამის შესახებ კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „კვირის პალიტრას" განუცხადა.
გამოცემასთან ინტერვიუში, ჩერნოვეცკი ამბობს, რომ საქართველო მისი ბედია. „64 წლის ვარ და არ ვიცი, რამდენ აქტიურ ცხოვრების დღეს მაჩუქებს კიდევ უფალი, მაგრამ ტკივილით ვუყურებ იმას, რომ დღესდღეობით საქართველო არაკომფორტულია მისი მოქალაქეთა უმეტესი ნაწილისთვის. ვერც იმას ვუყურებ, რომ საქართველოში სიღარიბე და სამუშაო ადგილების სიმცირეა. პარლამენტიც არაპროფესიონალურად მუშაობს. რად ღირდა თუნდაც კანონი ჩამოსულთათვის ვიზების გაცემის შესახებ, რომელიც დიდი დარტყმა იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის და სავარაუდოდ, ინფლაციის ძირითადი მიზეზიც გახდა", - აცხადებს ჩერნოვეცკი.
კიევის ყოფილი მერი ამბობს, რომ მას შეუძლია, საქართველოს ისეთი კანონები შესთავაზოს, რომელთა რეალიზება უკრაინაში, კიევში, ვერ მოახერხა.
„ოლიგარქებისა და ძირითადად იანუკოვიჩის მხრიდან ჩემს მიმართ დიდი კრიტიკის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქ კიევის მერის თანამდებობაზე ყოფნისას მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება მოვახერხე. პირველ რიგში ვიტყვი მთავარს: ხელმძღვანელობის პირველივე წელს ქალაქის ბიუჯეტი ხუთჯერ, წელიწადში ერთი მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გავზარდე. შევქმენი კიევის მოსახლეობასთან კონტაქტის პირდაპირი ხაზი ქოლ-ცენტრისა და სპეციალურად გამოყოფილი სატელეფონო ხაზის მეშვეობით. დღეში მოქალაქეებისგან, დაახლოებით, 11 000 მიმართვას ვიღებდი, რომლებსაც პირადად ვწყვეტდი და პასუხისმგებლობებს რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა მეშვეობით ვანაწილებდი. ყოველ კვირას, კიევის მოსახლეობას ტელევიზიის მეშვეობით კითხვა-პასუხის რეჟიმში უშუალოდ ვეკონტაქტებოდი და ყველა მიმდინარე პრობლემას ადგილზევე ვაგვარებდით. ლიკვიდაცია მოვახდინე ბევრი, ფაქტობრივად, ქურდული არაბიუჯეტური ფონდებისა და გავყიდე წამგებიანი კომუნალური საწარმოების უმეტესობა. უკრაინაში ჩავატარე მიწის პირველი აუქციონები, რამაც ბიუჯეტს მილიარდობით გრივნა მოუტანა. უკრაინის ისტორიაში პირველად ბიუჯეტის უზარმაზარი ზრდის ხარჯზე, 600 ათას პენსიონერისთვის პენსია 25 დოლარით გავზარდეთ. აღარ ვამბობ იმას, რომ დედაქალაქის მასწავლებლებისა და სამედიცინო მუშაკებისთვის დამატებითი თანხები გაიცემოდა. ქალაქის მმართველობაში ძველი ჩინოვნიკების ნაცვლად, ახალგაზრდა და განათლებული ადამიანები ჩავრთე. ამასთან, კიევში ყველა არალეგალური კაზინო გავაუქმე. ამ ყველაფრის ფონზე, კიევში ჩემი რეიტინგი იმდენად გაიზარდა, რომ მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეებისათვის პრობლემა გავხდი - მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი არჩევნები დანიშნეს ჩემი მმართველობის ერთი წლის შემდეგ, კვლავ მე გავიმარჯვე და იმაზე მეტი ხმა დავაგროვე, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად! 2010 წელს კი, იანუკოვიჩმა კიევში ხელისუფლების უზურპაცია შეძლო და ქალაქის მმართველობა მის მიერ დანიშნულ ადამიანს გადასცა. სწორედ ამიტომ თანამდებობა დავტოვე" - განაცხადა ჩერნოვეცკიმ.
წყარო: „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)