უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ლოზანის სპორტული დავების არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა. პლატინი იმ აკრძალვას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მას ფეხბურთში საქმიანობა 90 დღის ვადით შეუჩერდა.
„საკუთარ სიმართლეში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, ჩემმა ადვოკატებმა საკმაოდ არგუმენტირებული დასკვნა მოამზადეს და დარწმუნებული ვარ, რომ სპორტული არბიტრაჟი ყველა სანქციას მომიხსნის. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ ფიფა-ს პრეზიდენტობაზე, მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მიშელ პლატინიმ.
საუბარია 2 მილიონ ფრანკზე, რომელიც პლატინიმ ფიფა-ს ექს-პრეზიდენტ იოზეფ ბლატერისგან მიიღო და მის ფინანსურ დეკლარაციაში არ აისახა. სპორტული არბიტრაჟი პლატინის სარჩელს მიმდინარე კვირაში განიხილავს და გამამართლებელი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, მას ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც აღუდგება.
ის ასევე მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიაში, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს.