სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების დადგმულ სპექტაკლს „ჩემი მძევალი ანგელოზები" დაესწრო, სადაც განაცხადა, რომ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. რას ფიქრობენ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საზგადოების ცნობილი სახეები - ამ თემით „რეზონანსი" დაინტერესდა.
მსახიობი გივი ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს უფლება პატრიარქს უნდა გააჩნდეს.
„მივანიჭებდი, რადგან ჯერ ერთი - პატრიარქია, შემდეგ პიროვნებაა ისეთი, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისთვის. პატრიარქს ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს, თუმცა, გააჩნია, რა დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ მე ვენდობი პატრიარქს, რომელიც უწმინდესი და უნეტარესი ადამიანია", - განაცხადა ბერიკაშვილმა
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ შეწყალების დროს საპატრიარქოს რეკომენდაცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
„საქართველოში სხვადასხვა რელიგიის ხალხი ცხოვრობს. მართალია, მართლმადიდებლური ეკლესია მთავარია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც კანონმდებლობით უნდა იყოს ეს მოწესრიგებული. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ ეს საკითხი მიანდოს პატრიარქს, მაშინ შეიძლება, ეს იყოს მისი პრეროგატივა", - აცხადებს კაკაბაძე.
წყარო: „რეზონანსი"