reportiori.ge - სიახლეები კაისას საუფლოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:06
სპორტი
სიახლეები კაისას საუფლოში
15 ნოემბერი, 2013. 15:02

მოგეხსენებათ, კაისა ჭადრაკის მფარველი ქალღმერთია, ნოემბერი კი ისეთი გადატვირთულია ტურნირებით, რომ საბრალოს მოცლა არ აქვს.

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარეობს მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის. მოქმედი ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი, კლასიფიკაციის პირველ ნომერ მაგნუს კარლსენს ხვდება. უკვე ოთხი ტური მიილია და ყველა შეხვედრა ყაიმით დასრულდა. მესამე პარტიაში შავებით მოთამაშე ინდოელს ჰქონდა მცირე უპირატესობა, თუმცა მეტოქემ ზუსტი სვლებით შეძლო თავის დაცვა. თავის მხრივ ნორვეგიელი დიდოსტატი მეოთხე შეხვედრაში, ასევე შავებით, ენდშპილს ზედმეტი პაიკით შეხვდა, თუმცა მისი რეალიზება ვერც მან შეძლო. ბევრი ექსპერტის მტკიცებით, პარტიის მოგება შეიძლებოდა; ამ აზრს არ იზიარებს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გარი გასპაროვი, რომელმაც განაცხადა, რომ შავებს მოგების თეორიული შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „მეტოქეებმა დაზვერვა დაასრულეს, ბრძოლა ახლა იწყება და ჩემთვის სამწუხაროდ სწორედ ახლა მიწევს ინდოეთის დატოვება".


ამავე ქალაქში ქალთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც ოთხი ქართველი თამაშობდა. 11 ტურის შემდეგ 8,5 ქულით პირველი მესამე ადგილები გაიყვეს ნინო ბაციაშვილმა და ორმა ინდოელმა: მერი ენ გომესმა და სუბარამან ვიჯაიალაკშმიმ. დამატებითი მაჩვენებლებით ნინო მეორეზე გავიდა.


საბრალო კაისას ევროპაშიც არ დაელია საქმე, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს, უკვე ექვსი ტური მიილია. გუშინ ქართველი ქალები უკრაინელებს გაეჯიბრნენ. ჩვენი გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ კატერინა ლაჰნო დაამარცხა, ლელა ჯავახიშვილმა - ნატალია ჟუკოვა. სამწუხაროდ, თავისი შეხვედრები დათმეს მერი არაბიძემ და ბელა ხოტენაშვილმა. საბოლოოდ ფრე 2:2. საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ლიდერი კი 11 ქულით უკრაინაა.


გუშინვე პირველად დამარცხდნენ ქართველი ვაჟები; მათი მძლეველი აზერბაიჯანის საკმაოდ ძლიერი ნაკრებია. ჩვენებს 8 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე იმყოფებიან. ლიდერობს საფრანგეთი  11 ქულა.


ქალბატონი ქალღმერთი ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატსაც სწყალობს და იქაურობის ხშირი სტუმარიცაა.


ოთხი ტურის შემდეგ თამარ ხმიადაშვილსა და ნინო მელაშვილს 2,5-2,5 ქულა აქვთ, ნონა გაფრინდაშვილს კი, რომელიც ტურნირზე რეიტინგით პირველია და ქალღმერთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, ჯერ მხოლოდ 2 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.


მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მთავარი ბრძოლები ჯერ წინაა, ასე რომ, ვის გაუღიმებს საბოლოოდ კაისა, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016