რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს. უწყების ცნობით, საქართველო ისევ უარზეა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი გააფორმოს.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ მომზადდეს ასეთი დოკუმენტები, თუმცა, ქართულმა მხარემ კვლავ დაბლოკა ამ მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევა.
შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო. თბილისის დაჩქარებული ჩართულობა ალიანსში ძირს უთხრის მრავალმხრივ მცდელობებს კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისთვის, მათ შორის ჟენევის დისკუსიის ეფექტურობასაც", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღის ბოლოს ქართული მხარის მცდელობამ - ესაუბრათ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზეც, დაბლოკა შემდგომი მუშაობა. ამის გამო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა გადაწყვიტეს, დაესრულებინათ კონსულტაციები.