უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დარწმუნებულია, რომ 2014 წელს, კიევის მაიდანზე მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის უკან უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ მკვლელობების უკან უკრაინის დღევანდელი ზოგიერთი მაღალჩინოსანი იდგა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ კვალი წაეშალათ. თუმცა, თუ ქვეყანაში ვითარება შეიცვლება და დაიწყება ობიექტური გამოძიება, კიდევ იქნება შესაძლებელი, მოესწროს მკვლელებისთვის დანაშაულის დამტკიცება", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
იანუკოვიჩმა კონკრეტული პირებიც დაასახელა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ ამ მკვლელობების უკან უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ამჟამინდელი მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი, რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანდრეი პარუბი და რადას დეპუტატი სერგეი პაშინსკი იყვნენ.
„ტურჩინოვი, პარუბი და პაშინსკი არიან უშუალო მონაწილეები ამ მოვლენების, თუმცა არასდროს ყოფილან დაკითხვაზე დაბარებულები", -განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.