reportiori.ge - ნუგზარ სულაშვილი: შეცდომით აკრეფილი ციფრი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:00
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნუგზარ სულაშვილი: შეცდომით აკრეფილი ციფრი
ავტორი:
10 დეკემბერი, 2015. 14:40


ყველა საქმე, როგორც კი მოვაგვარე, ტელეფონის ნომერი ავკრიფე:


- ალოო... ქალბატონ ნატოს სთხოვეთ, თუ შეიძლება.


- არ მოსულა სამსახურიდან, შვილო. ვინ კითხულობს?


- მე სულა ვარ, საფრანგეთიდან, სულა სულაშვილი...


- რა გადავცე ?


- უთხარით, რომ საელჩოში ყველა პრობლემა მოწესრიგებულია და არაფერზე ინერვიულოს...


- შენ შემოგევლე, დედა... კი გამახსენდით... რომ იცოდეთ, როგორ ნერვიულობდა, რამდენჯერ თქვა, მინდა, ვთხოვო დახმარება ამ კაცს და მერიდებაო... არც ვიცოდი, რომ გაგიბედათ თხოვნა. არაფერი უთქვამს ჩემთვის და ახლა, რომ გაიგებს, უზომოდ ბედნიერი იქნება... რა სულზე მოგვისწარით, ჩემო ბატონო...


- რას ბრძანებთ, თუკი რაიმეთი შემიძლია დახმარება, აბა, რისთვის ვარსებობთ ადამიანები?


- დედაშვილობას, ის მითხარი, რა გამოვატანო თქვენთვის, რა გენატრებათ აქოური, ქართული?


- ნუ შეწუხდებით, არაფერია საჭირო. დიდი მადლობა... როცა დაბრუნდება, დამიკავშირდეს, რაღაც დეტალები მინდა დავაზუსტო.


- კი დედა, კი, შენ შემოგევლე... ვერ ვიჯერებ, შვილო. არადა, ფაქტია, თავად მეუბნებით, ყველაფერი მოვაგვარეო... რას წარმოვიდგენდი... ხომ მართლა სულა ხართ? კიდევ გქვიათ რაღაც არა?


- კი, ნუგზარი, - ვუპასუხე და გამეღიმა („ცისფერი მთები" გამახსენდა)


დიდი სიყვარულით და უამრავი თბილი სურვილებით დამემშვიდობა ქალბატონი და მეც უზომოდ მესიამოვნა... რაღაცნაირად მათბობდა, ყოველი ფრაზის შემდეგ შვილოთი რომ მომმართავდა. ასე მხოლოდ დედა და მამიდა მომმართავს დღემდე...


რამდენიმე საათში ქალბატონმა ნატო მარშანიამ დამირეკა.


- გამარჯობა, ნუგზარ. ხომ არ გაწუხებ? მაინტერსებს, საელჩოდან ხომ არაფერია სიახლე ლევილის საფლავთან დაკავშირებით?


- კი, როგორ არა? არ გითხრეს?


- ვის უნდა ეთქვა?


- ცოტახნის წინ სახლში დაგირეკე და თუ არ ვცდები, სავარაუდოდ დედათქვენს ვესუბრე. მითხრა, ნატო ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურიდანო...


- ბატონო ნუგზარ, ეს შეუძლებელია. ოჯახში ჩემს გარდა ქალბატონი არავინაა...


- როგორ, არა? ისიც მითხრა, ერიდებოდა თხოვნაო...


- არა, ბატონო ნუგზარ. სახლში მხოლოდ მე ვარ ქალი და შეუძლებელია, ვინმეს ეპასუხა...


- გამიმეორეთ თქვენი ნომერი.


ნატომ ნომერი მიკარნახა... ბოლო ორი ციფრში იყო შეცდომა...


ღმერთო ჩემო, სად დავრეკე ან ასე როგორ დაემთხვა ყველაფრი, გავიფიქრე გულში და ნატოს რამდენიმე საათის წინ მომხდარი ისტორიის შესახებ ვუამბე.


- შენი საქმე მოგვარებულია ხუთიანზე. რაც მთხოვე, გავაკეთე. ახლა კი ის ქალბატონი უნდა მოვძებნო, ვისაც ვესუბრე. ჩემს იმედზეა, - ვუთხარი და საუბარი შევწყვიტე...


- ალო... გამარჯობათ, ნატოს სთხოვეთ, თუ შეიძლება.


- ნატოს? - გაკვირვებით იკითხა ვიღაც მამაკაცმა.


- დიახ, მე სულა ვარ, საფრანგეთიდან. რაღაც გაუგებრობა მოხდა და...


- ბატონო სულა, ის ქალბატონი, თქვენ რომ გესაუბრათ, დედაა ჩემი. მე კი დათო ვარ. დედას კარგად არ ესმის და ნატოს მაგივრად დათო გაიგო. დიდ ბოდიშს გხდით...


- არა, რას ბრძანებთ, რა ბოდიში... პირიქით, დახმარება მინდა შემოგთავაზოთ.


- რა დახმარება?


-საუბრიდან მივხვდი, რომ საფრანგეთში გინდათ ჩამოსვლა. ისიც გავიგე, რომ სურვილი გქონდა, გეთხოვა, მაგრამ მოგერიდა. ხომ ასეა?


- კი ასეა, მაგრამ როგორ შეგაწუხოთ?


- ფბ-ზე ამიტვირთე პასპორტების ასლი, საუბარს რომ მოვრჩებით...


დათო რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა. მივხვდი, სიტყვებს ეძებდა.


სურდა, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ თავს ვერ აბამდა...


ერთი კვირის შემდეგ, როცა მოწვევა მიიღო, თავად დამიკავშირდა. ისევ დაბნეული იყო...


ყურმილში მესმოდა მოხუცებული დედის ხმა: უთხარი, უთხარი, რომ ეგეც ჩემი შვილია და ჩვენი სახლი მისი ოჯახია... უთხარი, ბიჭო, რა დაგემართა?!


მომეცი აქ ყურმილი!


- სულა, დედაშვილობას გაფიცებ, შვილო, დათიკოს ჩემი ხელით ჩამოქნილ სანთლებს ვატან, მე მესანთლე ვარ და იცოდე, ჩემი ლოცვა გზას გაგინათებს. თუ გზად ბურუსი ან სიბნელე გადაგეყარა, უეჭველად გაგიყვანს ნათელში.


მას შემდეგ ყოველი მოკითხვა ასე იწყებოდა: აბა რას შვრები, დედობილო?


- რა თქვი, შვილო?!


კარგად არ ესმოდა და მეც მთელი ხმით ვეძახდი:


- როგორა ხარ, დეედიი?!


***


დღესაც დავურეკე მოსაკითხად...


ბაბული დეიდამ აღარ მიპასუხა...


უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო...


პ.ს. დიდი მადლობა ქალბატონ ნატო მარშანიას. იმედი მაქვს, ეს ისტორია ემახსოვრება. მადლობა, რომ ბოლო ორი ციფრი შეცდომით მიკარნახა, რომელმა შეცდომამაც უდიდესი სითბო ამინთო გულში...


ნუგზარ სულაშვილი - საქართველო-საფრანგეთის ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016