პროკურორი ამირან გულუაშვილი ე.წ კორტების საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი ძალიან მსუბუქია. ამირან გულუაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ ბრალდებულთათვის დანიშნული სასჯელი სრულად არ ასახავს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას.
„ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან, გიორგი ცააძეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განხრაზ მკვლელობის ბრალდებიდან ამოერიცხა 109-ე მუხლის „ზ" ქვეპუქტი - მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ბრალდებულ კახაბერ ნაკანის ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობიდან გადაკვალიფიცირდა ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ამასთან, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულთათვის დანიშნული სასჯელი სრულად არ ასახავს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და მათ პიროვნებებს, რის გამოც ის ზედმეტად მსუბუქია.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა მოსამართლის განაჩენი",- აცხადებს საქმის პროკურორი.