Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ მუსლიმანებს მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მუსლიმებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა უნდა აეკრძალოთ. ტრამპის განცხადება შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების კრიტიკის მიზეზი გახდა. რაც შეეხება ცუკერბეგრს, მან facebook-ში დარეგისტრირებულ მუსლიმანებს მიმართა:
„მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მუსლიმების მიმართ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პარიზის თავდასხმებისა და იმ სიძულვილის კვირის შემდეგ, შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რა შიშს გრძნობენ მუსლიმები, რომ ისინი სხვათა ქმედებების გამო განიდევნებიან.
მე, როგორც ებრაელს, ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, რომ ნებისმიერ თავდასხმას წინ უნდა აღვუდგე. მაშინაც კი, თუ ეს თავდასხმა შენ წინააღმდეგ არ არის, თავდასხმა თავისუფლებაზე ყველას აზიანებს.
მე, როგორც facebook-ის ხელმძღვანელს, ჩვენს ქსელში დარეგისტრირებულ მუსლიმებს მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მივესალმები თქვენს აქ ყოფნას და ერთად ვიბრძოლებთ თქვენი უფლებების დასაცავად. შევეცდებით, შევქმნათ მეგობრული და უსაფრთხო ატმოსფერო ჩვენს ქსელში.
ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა. რადგან სანამ ერთად ვდგავართ და ერთმანეთის კარგს ვხედავთ, შეგვიძლია, ყველასთვის უკეთესი მსოფლიო შევქმნათ", - წერს ცუკერბერგი.
ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინა.