თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. მასში მონაწილეობა 10 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა მიიღო. ფესტივალის საზეიმო დახურვა „გარდენ ჰოლში" გაიმართა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ: მსახიობები ჯემალ ღაღანიძე, კახა მიქიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ლელა მებურიშვილი, რეჟისორი გოგი თოდაძე, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და თეატრალური პროექტების მენეჯერი სოფიო სიხარულიძე. წლევანდელი ფესტივალის წამყვანები მსახიობი მარიამ ჯოლოგუა და გიორგი სუხიტაშვილი იყვნენ.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდნენ შემდეგი უნივერსიტეტების თეატრალური დასები: ქუთაისის უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აზიური გუნდი; საქართველოს უნივერსიტეტი; შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ); თურქეთის სტუდენტური დასი; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საზეიმო დახურვამ და დაჯილდობის ცერემონიამ ამაღელვებელ ვითარებაში ჩაიარა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი სიხარულისგან გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავდა. წლევანდელი ფესტივალის ფავორიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა. მთავარ ნომინაციაში - „ფესტივალის აღმოჩენა" - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას" სტუდენტმა თამარ ჟღენტმა გაიმარჯვა. ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინი შაშიაშვილმა გაიმარჯვა. მესამე ძირითად ნომინაციაში - მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გამარჯვება წილად ხვდა ლატვიის აგარარული უნივერსიტეტის სტუდენტს კასპარს ცურინსის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტის სტუდენტებმა ზურა ყიფშიძემ და გიორგი კოლხიდაშვილმა მოიპოვეს გამარჯვება კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ხოლო ნომინაციაში ქალის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სალომე ბადაგაძემ გაიმარჯვა.
მამაკაცისა და ქალის როლის საუკუთესო შესრულებისთვის ლატვიელი სტუდენტები: მარტინს მუიტინიეკსი და ლინდა გრინბერგა დაჯილდოვდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ეპიზოდური როლი ყველაზე კარგად თურქეთის სტუდენტური დასიდან ოზან ოზთურქმა შეასრულა. ხოლო ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ნინი ჩხიკვაძეს გადაეცა. ასევე გამოვლინდნენ ასოციაცია „ასტას"და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის რჩეულები. როგორც ჟიურის წევრებმა განაცხადეს, საუკეთესო მოყვარულ მსახიობთა გამოვლენამ აზრთა სხვადასხვაობის გამო კამათის ფონზე ჩაიარა. თუმცა კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესოთა შორის საუკეთესოების არჩევა მაინც შეძლო.
გამარჯვებულ მოყვარულ მსახიობებს ფესტივალის სპეციალური ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. გაიჭრა ფესტივალის ლოგოთი დამშვენებული ტორტი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში სპონსორების რიცხვის გაზრდასთან ერთად, ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტთა რიცხვიც გაიზრდება.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.