reportiori.ge - არმაზ სანებლიძე: დიახ, მიხეილ სააკაშვილი მართალია! ვერც წაართმევენ იმას, რაც არ ჰქონია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არმაზ სანებლიძე: დიახ, მიხეილ სააკაშვილი მართალია! ვერც წაართმევენ იმას, რაც არ ჰქონია!
11 დეკემბერი, 2015. 12:17


 

ცამდე მართალია და მეც ვეთანხმები.

რატომ და რაში?

სანამ ამას გეტყოდეთ, მცირე შესავალი.

 

პოეტი ზოგჯერ ერთი პწკარია,

ყაყაჩოსავით ცხელი სტრიქონი, -


წერდა უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტი ლაშა გახარია და იყო ცამდე მართალი.


ცამდე, რადგან უფრო ზევით ღმერთია.


ერთ სტრიქონში ამოიცნობაო პოეტი, ერთი სტროფი გეტყვითო, ვინ არის ვინ და რას წარმოადგენს როგორც შემოქმედი, კაცი, ადამიანი, ბოლოს და ბოლოს.


ლაშას ერთი ლექსის ერთი სტროფი („ერთი პწკარი"), თუნდაც, მხოლოდ ერთი მაგალითი, ადასტურებს ამ მეტაფორული ფორმულის ჭეშმარიტებას:


აქ სხვა რიდია, აწ და მარადის

აქ დაუჩოქა პირჯვარს ნამაზმა,

და მზეც რიდით და მადლით გადადის,

ვით თავზე გამდლის ხელის გადასმა.


მაღალი სულიერება, რწმენა, მორიდება, სითბო და ჭეშმარიტი პოეზია - აქ ამ ერთ სტროფში აკუმულირდა მისი მთელი შემოქმედება, როგორც სამყარო წყლის ერთი წვეთის სიანკარეში.


ახლა დიდი პოეტის ბრწყინვალე სტროფების კრიალოსანი ვაგოგმანოთ ხელი-ხელ... გადაშალეთ რეზო ამაშუკელის ლექსების ნებისმიერი კრებული და ამოხეთქავს სიტყვის თვალ-მარგალიტის უკვდავების წყარო, ალიტერაციის ძვირფასი ქვები:


... და ქსოვს სიჩუმეს ობობა

ვერცხლისფერ ყაისნაღებით...

 

ან:


ახურვებს ხვატი ხვავრიელ ყანებს...



ან, თუნდაც, ეს თვალის გასწორება თვალისმომჭრელი ჩამავალი მზისთვის:


მწიფს მოწითალო ღრუბელი ცაზე,

მზე დაბლა იწევს

და წყნარად ჩადის...

ბეთანიისკენ მიმავალ გზაზე,

აღარ ბრდღვიალებს

ველური ვარდი.



და ასე შემდეგ, თითოეულ გვერდზე და სრულად ამაშუკელის შემოქმედებაში.


დიდმა ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა ერთ-ერთ ინეტერვიუში თქვა: საკმარისია, უცნობი პროზაიკოსის წიგნის თუნდაც ერთი გვერდი წავიკითხო, რომ გავიგო, რა მწერალიაო.


ჰოდა, წარმოთქვა ახლახან ერთი წინადადება ტელეეკრანიდან ოდესის კეთილდღეობისთვის დამაშვრალმა ღუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საშიშროების წინაშე რეალურად დადგა, და გაიყიდა: „ჩემს ქართველობას ვერავინ წამართმევს!"


აპლომბით და თავდაჯერებით განაცხადა. ამ ცრუ ცოტნემ და ტყუილმა დავით აღმაშენებელმა.


მაგრამ მართალი თქვა, რადგან ვერ წაართმევენ მიშას იმას, რაც არ აქვს და არასოდეს ჰქონია:


ქარ-თვე-ლო-ბას!


ერთი წინადადება, როგორც ლაკმუსის ქაღალდი!


დანარჩენზე თქვენ იმსჯელეთ, მე კი ვეთანხმები.


იმ ყოფილმა თავისი თავი თვითონ იდარდოს. ჩვენ იმ ერთ შხამიან წინადადებას მივხედოთ, რომელიც ქართულ საზოგადოებრივ აზრს კიბოს მეტასტაზივით მოედო. ჯოჯო და უბედურება: „ბიძინა ივანიშვილმა მიშა კი მოგვაცილა, მაგრამ წინასაარჩევნო დაპირებები არ შეგვისრულა".


ახლა ყური დამიგდეთ, ერთ ანეკდოტს შეგახსენებთ:


ქრისტე ღმერთამდე მიაღწია ხმებმა, რომ ხალხი ღვთის რწმენას კარგავს. გადაწყვიტა - ჩავალ დედამიწაზე და სასწაულებით დავარწმუნებ, რომ ღმერთი არსებობსო.


ჩავიდა.


ვერ გეტყვით, რა რეკლამითა და როგორი მანქანებით, მაგრამ ხალხში დაირხა ხმა, რომ აქა და აქ ერთი ექიმია, რომელიც ყველა ავადმყოფობას არჩენსო.


დადგა რიგი ქრისტე-ექიმთან, როგორც ერთ დროს კატრექსით კიბოს მკურნალ ექიმ გაჩეჩილაძის კართან დგებოდა ყოველდღიურად, ან კიევიდან თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული ჰიპნოტიზიორ კაშპიროვსკის სეანსებზე იკრიბებოდა.


პირველი ხელფეხწართმეული პაციენტი მიუყვანეს, ინვალიდის ეტლით შეაგორეს.


ციტატა ახალი აღთქმიდან:


„აჰა, მიუყვანეს მას ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი...


ხოლო რათა იცოდეთ, კაცის ძეს დედამიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, - ასე უთხრა დავრდომილს; ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.


ისიც წამოდგა და წავიდა სახლში".

(მათ. 9, 2-6).


ასე უთხრა იესომ, რომელიც ცოდვილ დედამიწაზე უკვე ჩვენს დროში ჩამოვიდა, იმ დავრდომილს, რომელიც მიუყვანეს: ადექი და წადი შენს სახლში.


წამოდგა ის დავრდომილი, წამოდგა კი არა, წამოხტა და გახარებული ისე გავარდა მისაღებში, მადლობის თქმაც კი დაავიწყდა მკურნალისთვის.


გარეთ მყოფი ხალხი შემოეხვია, რაო, რა მოხდა, როგორ გიშველაო?


- ესეც ისეთი ექიმია, როგორიც ყველა დანარჩენი: წნევაც არ გამიზომაო...


სჭირდება ამ გადამკვეთ უმადურობას კომენტარი?


 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016