დ. გოლუბოვი, ფრაქცია „პოროშენკოს ბლოკი", ოდესა. საარჩევნო უბანი № 136
უკრაინის უმაღლესი რადას სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა (ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკი", „უკრაინის ინტერნეტ-პარტიის" ლიდერი) კორუფციაში ბრალი დასდო ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, მის გუნდს და შსს-ს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელ გია ლორთქიფანიძეს:
„პატივცემულ დეპუტატებო! მოგეხსენებათ, 30 მაისიდან ოდესაში მუშაობს ქართველ რეფორმატორთა ბანდა, საქართველოს მთავარი რეფორმატორის მიხო სასწაულმოქმედის ხელმძღვანელობით... 12 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გუნდი ძარცვავს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მეომართა რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი. ამ ფულით აწყობენ ბანკეტებს, ყიდულობენ ძვირადღირებულ ავტომობილებს, იძახებენ მომღერლებს იტალიიდან, თბილისიდან და გასართობ ღონისძიებებს ატარებენ, ფანტავენ ფულს საკუთარი პიარისთვის და ა.შ. მაგალითად, 190 000 გრივნა ამ ფონდიდან დაიხარჯა ფურშეტისთვის „ბრისტოლში", 3 მილიონი სამი დღის მანძილზე გადაერიცხა სააკაშვილის პირადი პიარისთვის ტელეარხს „ინტერს", 4 მილიონი გრივნით შეიძინეს 6 ავტომობილი რეფორმატორების კორტეჟისთვის. 30 000 დაჯდა საწვავი; როგორც გამოირკვა, ფონდის ფულით შეიძინეს სააკაშვილის პირადი მცველების გიორგი რუბაშვილის და გიორგი ცინცაძის თვითმფრინავის ბილეთები. 31 ოქტომბერს ამ ფონდის თანხებით რომიდან სტამბოლის გავლით ოდესაში ჩამოფრინდა მომღერალი ფატიე ჯომარაძე(?!), 3 ნოემბერს ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ჩამოფრინდა ოდესაში იმავე ფონდის სახსრებით. ასე ხდება თითქმის ყოველ დღეს, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ სამხედროების სარეაბილიტაციო ფონდის ხარჯზე იმგზავრა ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა მილიციის გენერალ-მაიორმა ლორთქიფანიძემ, ეს კი კორუფციული დანაშაულის გამოვლინებაა... მოვითხოვ ანტიკორუფციული პროკურორისგან, დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი და მისცეს სათანადო შეფასება, რადგან ეს გახლავთ პირდაპირი კორუფციული სამართალდარღვევა... და ამ ადამიანმა უნდა გაწმინდოს მილიციელთა რიგები? რა წმენდა! რისი რეფორმები?! ნამდვილი „რეკეტიორები" არიან, მექრთამეები, კანონიერი ქურდები... დროა, ყველამ გაიგოს, რომ ქართველების ეს ბანდა ჩამოსულია გასტროლებზე, როგორც საცირკო დასი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და აგროვებს ფულს საქართველოში არჩევნებისთვის. ესენი წავლენ და მათ შემდეგ დარჩება: გაფლანგული ფული, კორუფციული გარიგებები და სირცხვილი, რომელსაც ჩვენს გუნდს მიაწერენ...", - განაცხადა გოლუბოვმა.