პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცნობია, რატომ სთხოვდნენ ელბერტ კობერიძეს, ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება და ეს მოტივები საინტერესო იქნება თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალაიამ და სხვებმა დაასახელონ.
მისი თქმით, ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუმცა, მათ არანაირი ოპერატიული ცნობა ამის შესახებ არ გააჩნდათ.
„ეს პირი 2012 წლის 28 ივლისს ზუგდიდიდან მოიტაცეს, პირდაპირ წამოიყვანეს თბილისში, სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც შეიკრიბნენ დავით ახალია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა და ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მას უნდა ეღიარებინა, თითქოს ზუგდიდში აპირებდა ტეროტრისტული აქტის მოწყობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით მათ არ გააჩნდათ არანაირი ოპერატიული ცნობა, არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი შედგენილი არ იყო და არც დღევანდელი გამოძიებით არის დადგენილი, რომ ელბერტ კობერიძე რამის ჩადენას აპირებდა.
არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და არც ერთ პოლიტიკოსთან კობერიძეს შეხება არ ჰქონია და ის იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში. თუ რატომ გააკეთეს ეს, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ეს მოტივები საინტერესო იქნება, რომ დაასახელონ თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალიამ და სხვებმა, თუ ისინი გამოცხადდებიან გამოძიებასთან. დადგენილია ის, რომ ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუ რატომ იყო მის მიმართ ასეთი მოთხოვნა, უცნობია და დღემდე მისთვისაც პასუხგაუცემელია ეს კითხვები", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მისი თქმით, სამხედრო პოლიციის იმ ოთახში, სადაც კობერიძე აწამეს, აღმოჩენილია სისხლის ლაქები, რომლის დნმ-იც ემთხვევა ელბერტ კობერიძის სისხლის დნმ-ს. კაციტაძის თქმით, კობერიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც 2012 წლის 8 ოქტომბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.