რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, NATO კი კვლავ განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში NATO-ს სამხედრო კონტინგენტს დაემატა სამხედრო თვითმფრინავები, გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაც.
„დღეს აქტიურად ემზადებიან ბლოკში გასაწევრიანებლად მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და უკრაინა", - განაცხადა შოიგუმ.
მისი თქმით, ბელგიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და თურქეთში განლაგებულია 200-მდე ამერიკული ბირთვული ავიაბომბი.
კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას, სერგეი შოიგუმ სირიაში რუსეთის ოპერაციაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ავიაციამ 4 000-მდე საბრძოლო ფრენა განახორციელა და „ისლამური სახელმწიფოს" 8 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა.