თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობა 10 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა მიიღო. ფესტივალის საზეიმო დახურვა „გარდენ ჰოლში" გაიმართა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ჟიურის წევრმა, მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ჟიურის საუკეთესოების შერჩევა გაუჭირდა, რადგან მოყვარული მსახიობები მაღალპროფესიონალურად ასრულებდნენ როლებს.
„ძალიან კარგი პროექტია და მიხარია, რომ საფუძველი ჩაეყარა მას. პირველად ვარ ჟიურიში და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვესწრები ფესტივალს. რაც თეატრთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ეს სიცოცხლეა. 60 წელია თეატრში ვარ და ეს ჩემთვის ყველაფერია. როცა ვხედავ, რომ ახალგაზრდობა ასე მიილტვის თეატრისკენ და ამხელა ინტერესს გამოხატავს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრია შემთხვევა, როცა ასეთი პატარა კოლექტივებიდან პროფესიონალი მსახიობები ხდებიან. ამის მაგალითია ჩვენი უსაყვარლესი მსახიობი მურმან ჯინორია.
არ მეგონა, თუ ამდენი სტუდენტური თეატრი არსებობდა... ძალიან კარგი ბავშვები არიან, ძალიან კარგი ორგანიზებაა. ჩემი ნება რომ იყოს, ძალიან ბევრს დავაჯილდოვებდი. ჟიურის საათნახევრიანი ჭიდილი გვქონდა, ვინ გამოგვევლინა, რადგან ბევრი საუკეთესო იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთ აზრზე შევჯერდით", - განაცხადა ჯემალ ღაღანიძემ.
ფესტივალის გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები და პრიზები გადაეცათ. „ნიღაბი" წელს მეოთხედ გაიმართა.