საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. თემასთან დაკავშირებით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ემზარ გოგუაძემ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, საბჭო საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, ხელი დააფაროს და დაიცვას მისთვის ზედმეტად კომფორტული და მონურ მორჩილებაში შესული მენეჯმენტი, აგრეთვე ცდილობს, დიდხანს შეინარჩუნოს გენერალური დირექტორის ყოვლად სამარცხვინო და რეტროგრადი მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე. ამ არაპროგნოზირებად კაცს საპარლამენტო უმრავლესობა ტოვებს საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე და უცნობია, თუ რა სახის კანონდარღვევებს ჩაიდენს იგი. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას სამეურვეო საბჭოს ამ პერსონალური შემადგენლობის წინააღმდეგ. იმ ყოვლად ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ და არასამართლიან ნორმებს, რომელიც დღეს განიხილეს მეორე მოსმენით, ჩვენ დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში", - აღნიშნა გოგუაძემ.
ბორდის ხელმძღვანელის თქმით, ტყემალაძემ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა და 120 ადამიანი დამატებით აიყვანა სამსახურში. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირები „მე-9 არხის" ყოფილი თანამშრომლები არიან.
„ფაქტობრივად, ბორდს ტოვებენ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო ბოლო პერიოდში. ახლა რამდენი ხანი დასჭირდება ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევას, 2-3 თვე მაინც, ეს არ არის გაწერილი. ამ ხნის განმავლობაში სამეურვეო საბჭო უნდა იყო ქმედუუნარო ისევ. და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს მაშინ?! მიიღებს კომფორტული მენეჯმენტი?! ის მენეჯმენტი, რომელის სათავეშიც არის ადამიანი, რომელიც მუნიციპალიტეტებს თვითნებურ წერილებს სწერს, საერთოდ ვერ ერკვევა კანონმდებლობაში და საერთოდ, ეპოქა აქვს, მგონი, არეული?!" - აღნიშნა ემზარ გოგუაძემ.