თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მთავარ ნომინაციაში - ფესტივალის აღმოჩენა - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ ჟღენტმა გაიმარჯვა.
„ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი. როდესაც მონაწილეობ ასეთ მასშტაბურ ფესტივალში, წარმოუდგენელია, წინასწარ ასეთ გამარჯვებას ელოდო. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ამ დონის პროფესიონალი ადამიანების სიმპათიას იმსახურებ. მადლობა ჩემს რეჟისორს, ორგანიზატორებს, ისინი ფესტივალის მიმდინარეობისას გვიქმნიან ნამდვილ ზღაპარს, ამ 10 დღის განმავლობაში ვხვდებით ჩვენს ოცნებებში. მე დღეს ჩემი ძალიან დიდი და ლამაზი ოცნება ამიხდა", - განაცხადა თამარ ჟღენტმა.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.