რადაში უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკსა და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატს, ოლეგ ბარნას შორის ინციდენტი მოხდა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც რადაში სიტყვით გამოსვლისას ბარნამ იაცენიუკს უცაბედად ხელში ვარდების თაიგული მიაწოდა, შემდეგ კი ტრიბუნიდან მისი ძალით გაყვანა სურდა. ამ ფონზე „პეტრო პოროშენკოს ბლოკისა" და „სახალხო ფრონტის" დეპუტატებს შორის ვითარება დაიძაბა და ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.
ხელჩართული ბრძოლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
„პეტრო პოროშენკოს ფრაქციის" ლიდერმა, იური ლუცენკომ პრემიერ-მინისტრსა და რადას მთელ შემადგენლობას მოგვიანებით საჯარო ბოდიში მოუხადა. ცნობილი გახდა, რომ ოლეგ ბარნა ფრაქციიდან გარიცხეს.
თავად ოლეგ ბარნას განცხადებით კი მას უკრაინის პრემიერ-მინისტრთან არანაირი ჩხუბი არ მოსვლია.
„მე იაცენიუკს მხოლოდ ტრიბუნიდან გასვლა შევთავაზე, მას ყვავილები მივართვი და დაე, წავიდეს სახლში. გამოვიდა ისე, რომ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ა.შ."- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ოლეგ ბარნამ.
არსენი იაცენიუკმა კი დაპირისპირება ასე შეაფასა: „გაბრაზებული არ ვარ, ბევრი დებილი არსებობს!"