4 გარდაცვლილი უცხოელის ცხედრები ბათუმის პროზექტურაში გადაიყვანეს.
„ეს ახალგაზრდები 3 დღის წინათაც შევნიშნეთ ხელვაჩაურში. ისინი ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლესთანაც იმყოფებოდნენ და ამბობდნენ, რომ აჭარაში როგორც ტურისტები ასე იყვენ ჩამოსულები. შემდეგ კი ისინი მუნიციპალიტეტში არავის უნახავს. როგორც ჩანს, ტყეში წავიდნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარბუქი და თოვლი იყო. მიგვაჩნია, რომ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან", - აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.
ადგილიდან ამოღებულია გარდაცვლილი უცხოელების პირადი ჩანთები.
რამდენიმე საათის წინ, 4 უცხოელის ცხედარი მონადირეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მარადიდის ტყეში ერთ-ერთ მიტოვებულ ქოხში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 25 წლამდე ახალგაზრდები ინდოეთის მოქალაქეები არიან. სავარაუდოდ, ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ.