reportiori.ge - ჭაბუა ამირეჯიბი 12 დეკემბერს გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:08
კულტურა
ჭაბუა ამირეჯიბი 12 დეკემბერს გარდაიცვალა
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 11:51


XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი,მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წელს 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა.


დედა - მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი - პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე - მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.


მამა - ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი - ცნობილი ადვოკატი - ჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, ქარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.


1943 წელს საბჭოთა წყობის დასამხობად აჯანყების მზადებისათვის ორგანიზაცია „თეთრი გიორგის" წევრები დააპატიმრეს, მათ შორის იყო ჭაბუა ამირეჯიბიც. მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ სასჯელი დახვრეტით შეუცვალეს. საბოლოოდ 16-წლიანი პატიმრობა მოუწია. ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა გადასახლებიდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იყო კინოსტუდია „მემატიანეს" დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო საბჭოსა და პარლამენტის წევრი. მეთაურობდა საქართველოს თავდაცვის ფონდს. 2010 წელს ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და დავითი ეწოდა. მას სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.


მისი სამწერლობო მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. პატიმრობის პერიოდში არაფერი დაუწერია. ჭაბუა ამირეჯიბი მრავალი ლექსის, მოთხრობის, რომანის ავტორია, მაგრამ მისი სახელი „დათა თუთაშხიას" უკავშირდება. თუთაშხია ქართველი ერისთვის ზნეობრივი იდეალის მაგალითად რჩება.


მწერლის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „ჩემი მეჯღანე ბიძა" (მოთხრობების კრებული, 1963), „ხარის აღსარება" (მოთხრობების კრებული,1964), „გიორგი ბურდული" (ნოველა, 1965), „დათა თუთაშხია" (რომანი, 1973-1975), „გორა მბორგალი" (რომანი, 1984-1994), „გიორგი ბრწყინვალე" (რომანი, 2003.)


ჭაბუა ამირეჯიბი იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), ღირსების ორდენის კავალერი (2001). დაჯილდოებულია მრავალი პრემიითა და პრიზით.


ჭაბუა ამირეჯიბი 1970-74 წლებში საქართველო-აშშ ერთობლივი საწარმოს „ამსაქფილმის" დამაარსებელი და დირექტორია; ალმანახ „კინოს" დამაარსებელი და რედაქტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის" მეორე გაერთიანების დირექტორი, კონოსტუდია „მემატიანეს" დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ პარლამენტის წევრი, საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარე, ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია „ივერიის" და გაზეთ „ახალი ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.


ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1960 წელს, როცა ჟურნალ "მნათობში" გამოაქვეყნა მოთხრობა „რატომ არ დამაცადე". იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისა „გზა", „ძია შოთას ბადია", „არაკების კრებული", „თაფლის წვეთი", არის მრვალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.


მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯის (IBC, 1997) და აშშ (ABI, 1998) ბიოგრაფიულ ცნობარებში.


1994 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.


ჰყავდა ექვსი შვილი, სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნდა, რომ ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ,  ოთხი ათეული წელი, როგორც თავად ამბობდა, „ ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში".


ჭაბუა ამირეჯიბს დარჩა ხუთი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.


2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.


ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს (92 წლის ასაკში) გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016