„BBC"-ის ცნობით, პირველად ქვეყნის ისტორიაში, საუდის არაბეთში მიმდინარე არჩევნებში ქალები იღებენ მონაწილეობას. ქალებს ასევე უფლება მიეცათ, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ. თუმცა, კონსერვატიული სამეფო მსოფლიოში კვლავ ერთადერთ ქვეყნად რჩება, სადაც ქალებს ავტომობილის მართვის უფლება არა აქვთ.
საუდის არაბეთში დღეს დაწყებულ მუნიციპალურ არჩევნებში 5938 კაცთან ერთად კანდიდატის სტატუსით 978 ქალი დარეგისტრირდა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას 130 000-მდე ქალი აპირებს.
საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აწ გარდაცვლილმა მეფე აბდალამ მისცა. 2013 წელს მან საუდის არაბეთის საკონსულტაციო ასამბლეაში 30 ქალი დანიშნა.
„BBC"-ს ცნობით, საუდის არაბეთში არჩევნები იშვიათი მოვლენაა. ხმის მიცემის პროცედურა სამეფოს ისტორიაში მესამედ ტარდება. არჩევნებში მუნიციპალური საბჭოების 2 100 წევრს აირჩევენ. კიდევ 1050 წევრი მეფის თანხმობით დაინიშნება.