ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა ის შეიარაღებული პირი, რომელიც ქაბულში გუშინ მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა, ლიკვიდირებულია.
„BBC"-ს ცნობით, თავდასხმის დროს დაიღუპა 4 ავღანელი სამართალდამცველი და 2 ესპანელი პოლიციელი.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის" წევრებმა ქაბულის ფეშენებელურ რაიონ შერგურში, სადაც რამდენიმე უცხო ქვეყნის საელჩო მდებარეობს, ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი სროლა დაიწყეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ობიექტი ესპანეთის საელჩო იყო, თუმცა მოგვიანებით ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჰოიმ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაშავებულია სულ მცირე 9 ადამიანი.
კიდევ ერთი თავდასხმა თალიბებმა ქალაქ ყანდაჰარის აეროპორტზე განახორციელეს და სულ მცირე 50 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია.