სააგენტო „ფრანს პრესი" თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურის იმ რაიონში, სადაც გუშინ შეიარაღებულ მეამბოხეებსა და სამხედროებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, სულ მცირე 40 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 21 დაღუპულზე.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცები ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
პარასკევს 30-მდე შეიარაღებული მებრძოლი ბუჟუმბურში მდებარე სამ სამხედრო ბაზას დაესხა თავს. 12 თავდამსხმელი მოკლეს, კიდევ 20 დააკავეს. ბურუნდის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელების მიზანი იარაღის ხელში ჩაგდება და ციხეებიდან პატიმრების გათავისუფლება იყო.
ბურუნდის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში ქვეყნის პრეზიდენტმა პიერ ნკურუნზიზამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ აპირებს მონაწილეობას. არეულობას 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
17 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო ბურუნდიში არსებულ ვითარებაზე სპეციალურ სესიას ჩაატარებს.