შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ იზიარებს ალეკო ელისაშვილის განცხადებებს და განმარტავს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ელისაშვილის მიმართ კონკრეტული პატიმრების საქმეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამის შესახებ ქორიძემ „ქრონიკის სტუდიაში" საუბრისას განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ მისი თავმჯდომაროების პერიოდში კონკრეტულ საქმეებზე არაჯანსაღი ინტერესები გაგრძელდა და ეს სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.
„როდესაც ბატონმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა განცხადება და დაადასტურა იმ ფაქტის არსებობა, რომლის თაობაზეც მან ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ ჩააყენა საქმის კურსში მთავარი პროკურორი, ეს ჩემთვის ცნობილი იყო. როდესაც მოხდა საქმის გადაბარება, ბატონმა ალეკომ ეს ყველაფერი მითხრა და ჩამაყენა საქმის კურსში, რომ მთავარმა პროკურორმა იცოდა ამ საქმის დეტალები. ამას ბატონი ალეკო არქმევს ზეწოლას. მე განვაცხადე, რომ ამ საქმის მიმართ ინტერესი შემდგომშიც გრძელდებოდა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მთავარმა პროკურატურამ მეც დამიბარა დაკითხვაზე და მას ჰქონდა გარკვეული კითხვები, თუ რაში გამოიხატებოდა არაჯანსაღი ინტერესი. ბუნებრივია ეს შეეხებოდა ერთ თემას, მაგრამ დაკითხვის დროს ბუნებრივია წამოიჭრა სხვა საკითხებიც.
ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ზეწოლა სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა. დაინტერესებული თვალი ამას კარგად ამჩნევდა. მეც ხშირად მიმითითებია ამაზე ჩემს საჯარო გამოსვლებში და ინტერვიუებში, თუ რას ემსახურებოდა ეს აჟიოტაჟი, საპროტესტო აქციები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე კონკრეტულ მინიშნებებს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ქორიძემ.